მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თელიანი ველი”: პანდემიის პირობებში ყველაზე დიდი დარტყმა საქართველოს ბაზარზე მივიღეთ

5f7ac07e8310f
ლიკა გურაბანიძე
05.10.20 10:44
1559
"თელიანი ველის” კომერციულმა დირექტორმა ირაკლი ბოკუჩავამ “საქმიანი დილის” ეთერში კომპანიაში COVID19-ს ამჟამინდელ გამოწვევასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, ღვინის მწარმოებელმა ყველაზე დიდი დარტყმა ადგილობრივ ბაზარზე მიიღო.

“პანდემიამ პირველი დარტყმა ჰორეკას სექტორს მიაყენა და ეს არა მარტო საქართველოში, არამედ - მსოფლიოში. ეს არის სექტორი, სადაც ყველაზე ძვირად ღირებული ღვინო იყიდება. ჩვენ, როგორც ყველა ღვინის კომპანია, რთველის ბოლო ფაზაში ვართ. ჩვენი ვენახები ქინძმარაულის ზონაში, (საფერავის ჯიშის) დაახლოებით, 700 ჰექტარზე მეტია და პირველ რიგში, მას გადავამუშავებთ, თუმცა ყურძენს გლეხებისგან ჩვენც ვიბარებთ. პანდემიის პირობებში კომპანიის შიგნით პორტფელში ცვლილებები მოხდა და უფრო მეტად დაბალფასიანი ღვინო იყიდებოდა, ვიდრე - მაღალფასიანი. იმ ღვინოებზე, რომელიც რესტორნებში, ღვინის ბარებსა და ღვინის მაღაზიებში იყიდება, საგრძნობი კლება იყო. დაბალფასიანი პროდუქცია იმაზე მეტი გაიყიდა, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. ცვლილებები ჩვენთანაც იყო, პანდემია ყველას თანაბრად შეეხო. ყველაზე დიდი დარტყმა საქართველოში მივიღეთ", - განმარტა ირაკლი ბოკუჩავამ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, “თელიანი ველის” კომერციული დირექტორის თქმით, კომპანია ამჟამინდელი ბაზრების ათვისების გარდა, სამომავლოდ ახალ ბაზრებზე გასვლასაც გეგმავს.

"კომპანია ახალი პრემიუმ ხარისხის ღვინოებით ინგლისის ბაზარზე შევიდა. ასევე, აშშ-ში რებრენდინგი გავაკეთეთ და იქ პრემიუმ ხარისხის პროდუქცია უკვე ჩასულია. ახლა ღვინის გერმანიის მიმართულებით გატანაზე ვმუშაობთ", - განაცხადა ირაკლი ბოკუჩავამ.