12.აგვისტო .2020 19:41

ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ მთავრობის მუშაობით 42% უკმაყოფილოა, 56%- კმაყოფილი - IRI

views 217
უკან

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევა ეხება საზოგადოების დამოკიდებულებას Covid-19 - ის პანდემიასთან, ქვეყნის ეკონომიკურ მდომარეობასთან და პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით.

პანდემია

გამოკითხულთა 79% ამბობს, რომ მთავრობის მიერ პანდემიასთან ბრძოლის შედეგებით ძალიან (41%) ან ნაწილობრივ (38%) კმაყოფილია. ინსტიტუციებს შორის, ეფექტიანობის თვალსაზრისით, ლიდერობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, გამოკითხულთა 64% ცენტრის საქმიანობას ძალიან ეფექტიანად აფასებს. რაც შეეხება პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ მთავრობის მუშაობის შეფასებას, გამოკითხულთა 19% მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევით კმაყოფილია, 37% -ნაწილობრივ კმაყოფილი, 24% - ნაწილობრივ უკმაყოფილო, 18% - ძალიან უკმაყოფილო, ხოლო 3% პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს. კოვიდ 19 -ის უარყოფითი შედეგების შემცირების მიზნით, მთავრობის მხრიდან განხორციელებული სოციალური პროგრამებით კმაყოფილი, ან ძალიან კმაყოფილია გამოკითხულთა 58 %, ხოლო უკმაყოფილოა - 39 %. აღსანიშანვია, რომ კვლევა ჩატარდა მიმდინარე წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში, მას შემდეგ მთავრობის მხრიდან სოციალური დახმარების ახალი პაკეტი გამოქვეყნდა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 96% ინფორმირებულია იმ გზებისა და საშუალებების შესახებ, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია პანდემიისგან თავდაცვა. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის 69% სრულად, ან ნაწილობრივ ეთანხმება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებას, პანდემიის პერიოდში რელიგიური რიტუალების აღნიშვნასთან დაკავშირებით. კითხვაზე - რომელი ქვეყანა დაეხმარა საქართველოს ყველაზე მეტად პანდემიის პერიოდში, გამოკითხულთა 47 % ასახელებს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ Covid -19 -ის საკითხი მოსახლეობის 61 % -ს ძალიან (17%), ან ნაწილობრივ (44%) აწუხებს. გამოკითხულთა 38 % პანდემიის საკითხს სერიოზულად არ აღიქვამს.

ეკონომიკა

IRI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 82 % ამბობს, რომ პანდემიის შემდეგ, საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ნაწილობრივ (42%), ან ძალიან (40 %) გაუარესდა. 15 %-ის თქმით, ეკონომიკური სიტუაცია დარჩა უცვლელი, ხოლო 3 % აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა ეპიდ-აფეთქების შემდეგ გაჯანსაღდა. გამოკითხულთა 65 % ამბობს, რომ მათი ოჯახის ეკონომიკური სიტუაცია ნაწილობრივ ცუდ (43%), ან ძალიან ცუდ (22%) მდგომარეობაშია.
კვლევის მონაწილეთა 67 % ამბობს, რომ პანდემიის შემდეგ, მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა ნაწილობრივ (42%), ან ძალიან (25%) გაუარესდა. 29 %-ის თქმით, დარჩა უცვლელი, ხოლო 3% -ის შეფასებით, მათი ოჯახების ეკონომიკური სიტუაცია გაუმჯობესდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა