მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი გორგოლაჭებით საფრანგეთიდან და აშშ-დან დაინტერესდნენ“ - „მისკუზის“ გეგმები

6370d5c1ecdd1
თინათინ ნათმელაძე
13.11.22 22:30
950
რამდენიმე თვის წინ ქართულ ბაზარზე პირველი ეკომეგობრული გორგოლაჭების ბრენდი "მისკუზი’’ გამოჩნდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარია. კერძოდ, 2020 წელს "აწარმოე საქართველოს“ საგრანტო კონკურსში კომპანიის დამფუძნებლებმა 30 000-ლარიანი გრანტი მოიპოვეს. წარმოებისთვის საჭირო დანადგარებისა და ნედლეულის უცხოეთიდან ჩამოტანის შემდეგ, „მისკუზის“ გორგოლაჭების წარმოება დაიწყო.

დღეისთვის საწარმო ვორონცოვზე მდებარეობს. მეწარმეებმა შეკვეთების მიღება ოფიციალურად მიმდინარე წლის 30 აპრილიდან დაიწყეს. სწორედ ამ დღეს „მისკუზიმ“ თბილისში უნივერსიტეტის ქუჩაზე სპორტულ კომპლექს „არენას“ ტერიტორიაზე საკუთარი მაღაზია და შოურუმი გახსნა, სადაც მათი პროდუქციაა წარმოდგენილი. ამჟამად გორგოლაჭის ფასი 450 ლარია.

„მისკუზის’’ უკვე გავლილ გზაზე, წარმატებაზე, დაბრკოლებებზე და უახლოეს გეგმებზე მისმა თანადამფუძნებელმა მარიამ ქემოკლიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.

‘’რა გათვლაც გვქონდა, რომ მაგალითად, სამი თვის განმავლობაში რაღაც რაოდენობის გაყიდვები გვექნებოდა, ეგ შედეგი პირველივე თვეში დაიდო; ამხელა დაინტერესებას არ ველოდით; ამან მოტივაცია გაგვიზარდა და ახლა ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ ახალი კოლექციები შევქმნათ და სხვადასხვა სეგმენტი ჩვენი პროდუქციით დავაინტერესოთ. ამ პერიოდში 300 გორგოლაჭი შევქმენით“, - ამბობს მარიამ ქემოკლიძე.

ქართულ ბაზარზე საჭირო პროდუქციის არარსებობამ გორგოლაჭების წარმოებისას გარკვეული დაბრკოლებები შექმნა. "მისკუზის’’ დამფუძნებლებს თითქმის ყველაფრის სხვა ქვეყნებიდან იმპორტირება მოუწიათ; საწარმოები ხშირად პროდუქციის მოწოდებასაც აგვიანებენ, რაც მათ საქმიანობას აფერხებს, თუმცა ამას არ უშინდებიან, პირიქით - წარმოების გაზრდას და ქართული გორგოლაჭების ექსპორტზე გატანასაც გეგმავენ.

"ჩვენი პროდუქციით საფრანგეთიდან და ამერიკიდან დაინტერესდნენ, თუმცა ამჟამინდელი წარმოება მხოლოდ ქართულ ბაზარს ყოფნის; საქმიანობაში 8 ადამიანი ვართ ჩართული, ამიტომ პირველ რიგში, ვგეგმავთ, რომ საწარმო საჭირო დანადგარებით აღვჭურვოთ, პროდუქციის რაოდენობა გავზარდოთ და საექსპორტო ბაზრისთვის მოვემზადოთ“, - ამბობს მარიამ ქემოკლიძე.

რაც შეეხება "მისკუზის" საფასო პოლიტიკას, როგორც მისი თანადამფუძნებელი BM.GE-სთან აღნიშნავს, წარმოებისთვის საჭირო მასალა დიდი რაოდენობით შეიძინეს, რის გამოც უკვე არსებულ კოლექციას პროდუქციის ფასის მკვეთრი ცვალებადობა არ შეეხო, თუმცა როდესაც მასალის მარაგი ამოეწურებათ და მისი შეძენა მოუწევთ, გორგოლაჭების ფასს საწარმოო ხარჯების მიხედვით დაარეგულირებენ.