მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკაცეს ჩანჩქერი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა - მიზეზები

620f3f8de5de7
ვიქტორია მღებრიშვილი
18.02.22 13:30
1454
"ძვირფასო მოგზაურებო, გაცნობებთ, რომ ტექნიკური სამუშაოების გამო, ვიზიტორებისთვის ოკაცეს ჩანჩქერი დროებით იკეტება!" - ეს ინფორმაცია დაცული ტერიტორიების სააგენტომ გუშინ გაავრცელა, თუმცა დეტალებისა და ტურისტული ადგილის გახსნის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი.

მეტი დეტალის გასარკვევად BM.GE-მ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიმართა. უწყებაში განმარტებებს ტერიტორიის დაკეტვის შესახებ აკეთებენ, თუმცა არ აზუსტებენ რა პერიოდით დაიკეტა საქართველოში ერთ-ერთი აქტიური ტურისტული ადგილი:

„მოგეხსენებათ, ოკაცეს ჩანჩქერი მდებარეობს სოფელ კინჩხაში, კლდოვან ტერიტორიაზე. ვიზიტორთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ტერიტორია მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს. ამ ეტაპზე, გეოლოგიური პროცესების, მათ შორის, ქვათაცვენის შესასწავლად ხორციელდება გეგმიური მონიტორინგი, რის გამოც, ტერიტორია გარკვეული დროით დაკეტილია. დამატებით ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფიციალური ვებ და Facebook გვერდების საშუალებით მივაწვდით საზოგადოებას“, - განმარტავენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ოკაცეს ჩანჩქერის უნიკალური ბუნება და ეკოტურისტული სერვისები დიდი ინტერესით სარგებლობს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე უცხო ქვეყნების ვიზიტორებს შორის. 2021 წელს, პანდემიის ფონზე, ოკაცეს ჩანჩქერზე 17 247 ვიზიტორი იმყოფებოდა.

ცნობისთვის: დაცული ტერიტორიების სააგენტომ, 2021 წელს, ვიზიტორთა მიღება 26 მაისს აღადგინა და 6 თვეში 600 000-მდე ვიზიტორს უმასპინძლა (ტურისტულად რეკორდულ 2019 წელს დაცული ტერიტორიები 1 200 000 ვიზიტორმა მოინახულა).

საქართველოს დაცული ტერიტორიები ვიზიტორთა მიღებას საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ყველა შესაბამისი რეკომენდაციის დაცვით განაგრძობს.