14.მაისი .2022 10:38

„ოკუპანტებს ხარკოვიდან ჯარები გაჰყავთ“ - რა მდგომარეობაა უკრაინაში ომის 79-ე დღეს

„ოკუპანტებს ხარკოვიდან  ჯარები გაჰყავთ“ - რა მდგომარეობაა უკრაინაში ომის 79-ე დღეს
views 1872
უკან

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 79-ე დღე დაიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი 14 მაისის დილის მდგომარეობით სხვადასხვა მიმართულებით არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, რუსული ძალებს ხარკოვის მიმართულებით აქტიური საომარ მოქმედებები არ განუხორციელებიათ. მტრის ძირითადი ძალისხმევა ქალაქ ხარკოვიდან ჯარების გაყვანის უზრუნველყოფაზე, ოკუპირებული პოზიციებისა და მიწოდების მარშრუტების შენარჩუნებაზე იყო მიმართული.

„მტერი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიულ ქმედებებს აგრძელებს. მისი ძირითადი მიზანი - დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის ოლქებზე სრული კონტროლის მოპოვება და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან სახმელეთო დერეფნის უზრუნველყოფაა.
ყველაზე დიდი აქტიურობა სლობოჟანის და დონეცკის მიმართულებით შეიმჩნევა. ნარჩუნდება სარაკეტო დაბომბვის საშიშროება სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე უკრაინაში“, - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, რუსული ძალები სლოვიანსკის მიმართულებით ახორციელებდნენ სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის საარტილერიო დაბომბვას დოვგენკეს, დოლინას და ჰუსარივკას დასახლებებში.

ამასთან, რუსმა ოკუპანტებმა საჰაერო დაზვერვა „ორლან-10“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ხარკოვის რეგიონის იზიუმის, კაპიტოლივკასა და დიბროვას დასახლებების ტერიტორიებზე ჩაატარეს.

„დონეცკისა და ტავრიის მიმართულებებით თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენების მიზნით მტერმა ნაღმტყორცნები, არტილერია, სარაკეტო ყუმბარები და თვითმფრინავები გამოიყენა.

„ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მტერი უკრაინის ქვედანაყოფების ბლოკირებას აგრძელებს და მასიურ საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს ახორციელებს.

ზაპორიჟიეს მიმართულებით, ოკუპირებული ტერიტორიის შესანარჩუნებლად, ოკუპანტების მიერ მრავალდონიანი თავდაცვის ასაშენებლად მოსამზადებელი ღონისძიებები მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ლუგანსკში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების 10 შეტევა მოიგერიეს, შედეგად გაანადგურეს 5 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა, 6 ჯავშანტექნიკა და 7 ჯავშანმანქანა. ამასთან, გასული დღის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვამ „ორლან-10“ ტიპის სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.