მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებული აფხაზეთი მინსკში სავაჭრო ცენტრის გახსნას გეგმავს

63c5021e4a35f
გიგა ბენია
16.01.23 12:25
602
რუსეთის ფედერაციაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენელი, ოლეგ ბარციცი აცხადებს, რომ სოხუმი მინსკში სავაჭრო ცენტრს გახსნის. „სპუტნიკთან“ ინტერვიუში ბარციცი აღნიშნავს, რომ „ბელარუსსა და აფხაზეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება იგეგმება“.

„დღევანდელ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში აფხაზეთ-ბელარუსს შორის ურთიერთობის დამყარება მნიშვნელოვანია. ჩვენთვის დიდ ინტერესს იწვევს ბელარუსთან ეკონომიკური პოტენციალის განვითარება სამრეწველო წარმოების, სოფლის მეურნეობის, მექანიკური ინჟინერიის, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულებით. ამასთან, პატარა აფხაზეთს შეუძლია, ბელარუსის ბაზარს სოფლის მეურნეობის პროდუქტები შესთავაზოს. მინსკში აფხაზური სავაჭრო ცენტრის გახსნის იდეა დიდი ხანია გაჩნდა რუსეთში, აფხაზეთის სავაჭრო მისიაში. ეს იდეა ბელარუსულმა მხარემ დიდი ენთუზიაზმით მიიღო. თუ ბელარუსის მოსახლეობა აფხაზეთიდან ხარისხიან საქონელს მიიღებს, ამით მხოლოდ სარგებელს ნახავს“,- აცხადებს ოლეგ ბარციცი.

ოლეგ ბარციცის თქმით, ბელარუსში სავაჭრო ცენტრის გასახსნელად კონკრეტული ნაბიჯები უკვე იდგმება. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საახალწლო დასვენებების დასრულების შემდეგ, ბელარუს ბიზნესმენებთან კონკრეტული სამუშაო პროცესები დაიწყება.

ცნობისთვის, გასული წლის სექტემბერში ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ბიჭვინთის აგარაკზე ლუკაშენკომ და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საერთაშორისო სიტუაციისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.