მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებული აფხაზეთი თბილისზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმას - ის “ენგურჰესიდან” მარაგდება

61462ba879d5e
შოთა ტყეშელაშვილი
18.09.21 22:06
2993
2021 წლის პირველ 7 თვეში ოკუპირებულმა აფხაზეთმა 1.953 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მიიღო, რაც დენის რეკორდულად დიდი მოცულობაა და 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მოხმარებას 27%-ით აჭარბებს.

შედარებისთვის, რეგიონის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია სს “თელასის” აბონენტების, ანუ მთლიანად თბილისის მიერ მოხმარებულ ელექტროენრგიას აჭარბებს, რადგანაც ანალოგიურ პერიოდში 1.2 მილიონი მაცხოვრებლის მქონე თბილისმა სულ 1.62 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა.

2020 წელთან მიმართებით, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების 27%-იანი ზრდა საგანგაშოდ მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს, რადგან საქართველოში წელს ელეწტროენერგიის მოხმარება მხოლოდ 11%-ით გაიზარდა, შესაბამისად აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ამაზე 2.5-ჯერ მაღალია. 

ამასთანავე, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ თავად 2020 წელსაც აფხაზეთის ელექტრომოხმარება 24%-ით გაიზარდა, რაც რეკორდულ ზრდას შეადგენდა. საბოლოოდ 2020 წელს რეგიონმა თბილისზე მეტი - 2.55 მილიარდი კილოვატ საათი მოიხმარა.შედარებისთვის, რეგიონის მიერ 7 თვეში მოხმარებული ელექტროენერგია თითქმის იმდენივეა, რამდენიც აფხაზეთმა მთლიანად 2019 წელს მოიხმარა. 

საქართველოსა და მარიონეტულ რეჟიმს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, რეგიონი ენგურჰესის და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით უსასყიდლოდ მარაგდება.

2021 წლის იანვარ-მარტში ენგურჰესი სარეაბილიტაციოდ იყო გაჩერებული, რა პერიოდშიც ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით მარაგდებოდა აღნიშნულ პერიოდში აფხაზეთმა რუსეთიდან 923 მილიონი კილოვატ საათი დენი მიიღო, რაც წელს რეგიონის მთლიანი მოხმარების 47%-ია. რეაბილიტირებული ენგურჰესის გახსნის შემდეგ, რეგიონის ელექტრომომარაგება კვლავ დანარჩენი საქართველოდან ხდება.

ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრ ზრდას ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მაინინგის ბუმი და ხელოვნურად დაბალი დენის ტარიფი განაპირობებს. რეგიონში მცხოვრები პირებისთვის ელექტროენერგიის ღირებულება საქართველოსთან შედარებით 10-12-ჯერ დაბალია. კერძოდ, ერთი კილოვატსაათის ოფიციალური საფასური მოსახლეობისთვის 45 რუსული კაპიკი, ანუ 1.78 თეთრია, იურიდიული პირების ტარიფი კი 85 კაპიკი, ანუ 3.4 თეთრია. მოსახლეობა და ბიზნესები ხშირად არც მას იხდიან.