მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომბუდსმენმა BM.ge-ის რედაქტორის მთავრობის სხდომაზე არშეშვებასთან დაკავშირებით საქმის წარმოება დაასრულა

63957fb238406
BM.GE
11.12.22 10:54
958
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა bm.ge-ის რედაქტორის საქმეზე საქმისწარმოების პროცესი დაასრულა. 2022 წლის 12 სექტემბერსა და 26 სექტემბერს, ვებვერდ bm.ge-ის რედაქტორს, თელარა გელანტიას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული სხდომის გაშუქების და კითხვების დასმის უფლება არ მიეცა.

მომხდარის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი წერს, რომ საქმისწარმოების შეწყვეტა თავად მთავრობის ადმინისტრაციის მიერ თელარა გელანტიასთვის ოქტომბრის თვიდან მთავრობის სხდომებზე დასწრების უფლების მიცემამ განაპირობა. ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მათ მთავრობის ადმინისტრაციას მიმართეს კითხვით, თუ რის გამო ეთქვა უარი თელარა გელანტიას დასწრებოდა მთავრობის სხდომას, თუმცა აღნიშნულზე პასუხი არ მიუღიათ.

სახალხო დამცველი წერს, რომ საქმე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის 2022 წლის სპეციალურ ანგარიშშიც აისახება. “აღნიშნული შემთხვევაც აისახება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის სპეციალურ ანგარიშში.” - წერს სახალხო დამცველის აპარატი.

საქმეში თელარა გელანტიას არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI უწევდა იურიდიულ წარმომადგენლობას.

“საქმისწარმოების ფარგლებში, 2022 წლის 22 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა კორესპონდენციით მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს და მოითხოვა, ეცნობებინა თელარა გელანტიას ეთქვა თუ არა უარი მთავრობის სხდომის გაშუქებაზე და რა იყო აღნიშნულის საფუძველი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას სახალხო დამცველისთვის მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

თელარა გელანტიას მთავრობის ადმინისტრაციის სხდომაზე განმეორებით, 2022 წლის 26 სექტემბერს არ დაშვებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა საჯარო განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზი გაუსვა მედიის, მათ შორის კრიტიკული მედიის მნიშვნელოვან როლს და ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, უზრუნველეყოთ მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი წვდომა ინფორმაციაზე, მათ შორის თანასწორობის პრინციპის დაცვით. ჟურნალისტებისთვის მიეცათ მთავრობის სხდომაზე დასწრებისა და მათთვის სასურველი შეკითხვების დასმის შესაძლებლობა.

კანონმდებლობის თანახმად, სახალხო დამცველის მხრიდან საქმის შესწავლის მიზანს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრის გზით თანასწორობის უფლების აღდგენა წარმოადგენს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ საქმის განხილვის მიმდინარეობისას გამოვლინდება, რომ დისკრიმინაციის სავარაუდო ჩამდენის მხრიდან დისკრიმინაციის შედეი ნებაყოფლობით აღმოიფხვრა, სახალხო დამცველი აღნიშნული საფუძვლით ასრულებს საქმის განხილვას. განსაზღვრულ შემთხვევაში მართალია თელარა გელანტიას მიმართ საქართველოს მთავრობის მხრიდან ადგილი ჰქონდა უთანასწორო მოპყრობას, თუმცა რადგანაც, საქმის განხილვის მიმდინარეობისას, საქართველოს მთავრობამ დისკრიმინაციული მოპყრობა ნებაყოფლობით აღმოფხვრა და 2022 წლის ოქტომბრის თვიდან მას მთავრობის სხდომაზე დასწრებისა და სხდომების გაშუქების შესაძლებლობა მისცა, სახალხო დამცველი ასრულებს საქმის შესწავლას N10593/22 და N11242/22 განცხადებებთან დაკავშირებით,”- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილში.