მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომი გამოვუცხადეთ მზის და ქარის ენერგოპროექტებს - ლევან ვეფხვაძე ფინანსთა მინისტრის განცხადებაზე

5e53e57aed603
დავით ჯალაღონია
24.02.20 19:43
2264
"ამ ეტაპზე, პრაქტიკულად, ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკით, განსაკუთრებული ომი გამოვუცხადეთ განახლებადი ენერგიების წყაროებს - მზეს და ქარს, რომელიც უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა", - ასე აფასებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ძვირადღირებულ გარანტირებულ შესყიდვებზე ხელსაყრელი ელექტროენერგიის იმპორტია.

საქმე იმაშია, რომ 2017 წლამდე, ელექტროსადგურების მშენებლობისთვის სახელმწიფო ინვესტორებთან გარანტირებულ ხელშეკრულებებს აფორმებდა, რაც წელიწადის გარკვეული პერიოდის, მაგალითად 8 თვის განმავლობაში, წინასწარ შეთანხმებულ ფასად, სახელმწიფოს მიერ გენერაციის ობიექტისგან ელექტროენერგიის გარანტირებულად შეძენას გულისხმობს. 2017 წელს კი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით (სსფ მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომა ბიუჯეტისთვის ფისკალურ რისკებს ზრდის), მსგავსი ხელშეკრულებების გაცემის პრაქტიკა შეიზღუდა და მას შემდეგ, გამონაკლისებს თავად მთავრობა განსაზღვრავს. გასულ კვირას კი, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ სსფ-თან ამ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს და ეს ისედაც იშვიათი მიდგომა, კიდევ უფრო მკაცრ ჩარჩოებში მოექცევა.

"ჩვენ ამ ზრდის ტემპით (ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა), რომელიც დღეს გვაქვს, შეიძლება არა თუ ფასზე ვიკამათოთ, არამედ იმაზე, დენი სად ვიშოვოთ, იმიტომ რომ თუ დღეს გავაჩერებთ ელექტროენერგიის გენერაციის ადგილობრივი ობიექტების მშენებლობას, ეს უკავშირდება ფინანსთა სამინისტროს პრობლემებს, თუ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობებს, ხვალ შეიძლება დავბრუნდეთ ბნელ 90-იან წლებში, სადაც ელექტროენერგიის პრობლემა არსებობდა.

ჩვენ, დღეს, ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკით, პრაქტიკულად განსაკუთრებული ომი გამოვუცხადეთ განახლებადი ენერგიების წყაროებს - მზეს და ქარს, რომელიც უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ჰიდროელექტროსადგურები, ამ ეტაპზე.

თუ მზის რამდენიმე სადგური არ ავაშენეთ ან ქარის რამდენიმე სადგური არ დავამატეთ, ფასი დაბლა არ წამოვა, რადგან რეალურად ფასის პრობლემა უკავშირდება მასშტაბის ეკონომიკას და ამ ტექნოლოგიის ცოდნას. ხვალ და ზეგ შეიძლება, ეს მთავარი ტექნოლოგიები გახდეს და იმის გამო, რომ ჩვენ ამ ტექნოლოგიებთან სამუშაოდ ცოდნა არ გვაქვს, ხვალ შეიძლება პრობლემები შეგვექმნას.

შეიძლება, მოკლვადიან პერსპექტივაში ფინანსთა სამინისტროს მიდგომა სწორი იყოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მცდარია და ჩვენი ქვეყნისთვის დამატებით რისკებს შექმნის", - მიიჩნევს ლევან ვეფხვაძე.

ამასთან, ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ ფინანსთა სამინისტრო თავის მიდგომებში ნაკლებად თანმიმდევრულია.

"მე ვფიქრობ, უფრო მეტი თანმიმდევრულობა იქნება კარგი, რადგან ერთი მხრივ, თუ ფინანსთა სამინისტრო გვეუბნება, რომ დედოლარიზაციის ტენდენცია უნდა შევინარჩუნოთ, რადგან დოლარზე დამოკიდებულება გრძელვადიან რისკს ქმნის, იმ პოლიტიკით, რასაც ფინანსთა სამინისტრო გვთავაზობს, ჩვენ იმპორტზე დამოკიდებულებას ვზრდით - გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო მაღალ რისკებში შევდივართ, რადგან ხვალ და ზეგ რა იქნება გაზის ფასი, არ ვიცით, აზერბაიჯანიდან იმპორტირებული დენი კი გაზის ფასზეა დამოკიდებული. ამიტომ დღეს იმაზე საუბარი, რომ ადგილობრივი ელექტროენერგია შეიძლება, იმპორტმა ჩაანაცვლოს, არასწორია, რადგან გარდა იმისა, რომ მეზობელ ქვეყნებში ფასი არ ვიცით, არსებობს ტექნიკური შეზღუდვები - არ შეგვიძლია იმაზე მეტი ელექტროენერგია შემოვიტანოთ, ვიდრე დღეს გადამცემი ხაზები არის. ამ შემთხვევაშ, ფინანსთა სამინისტრომ უნდა მოიკითხოს, რა ჯდება სტაბილური ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა ჩვენს მეზობლებთან იმისთვის, რომ ელექტროენერგიის გაცვლა სტაბილურად გვქონდეს, იგივე რუსეთთან, ან სომხეთთან", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, იანვარში 214.3. მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (181.8 მლნ კვტ.სთ) 17.95-ით მეტია. რაც შეეხება ექსპორტს, ამ მაჩვენებელმა 10 ათასი კვტ.სთ შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, ელექტროენერგიის იმპორტი იანვარში საქართველოს 10 მლნ 868,1 ათასი აშშ დოლარი დაუჯდა, რაც 2019 წლის იანვართან შედარებით 20.6%-ით მეტია.

ცნობისთვის: ესკო-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში, ქვეყანაში 1 მლრდ 217 მლნ 878 ათასი მლნ.კვტ სთ ელექტროენერგიის მოხმარება დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (1 მლრდ 149 მლნ 460 ათასი მლნ.კვტ სთ) დაახლოებით 6%–ით მეტია. აქედან, 1 031 მლნ კვტ.სთ ადგილობრივი გენერაციის ობიექტებმა გამოიმუშავეს.