მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ომიკრონის“ გავრცელების გამო FedEx-ს გადაზიდვის პრობლემები აქვს

61d95c6218aa9
თათია კაკიაშვილი
08.01.22 23:00
737
გადამზიდი კომპანია FedEx მომხმარებლებს გადაზიდვების შეფერხებების შესახებ აფრთხილებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, მიზეზი კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამია, რომლის გამოც კომპანია თანამშრომლების დეფიციტს განიცდის. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, FedEx-ში მაქსიმალურად ცდილობენ, სამუშაო პროცესები დროულად აღდგეს და შეფერხებები შემცირდეს, თუმცა ვირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად, კომპანიაში წინასწარ, დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებენ.

ამასთან, კომპანიაში აცხადებენ იმასაც, რომ რიგ გამოწვევებს შტატების მასშტაბით არსებული ზამთრის მკაცრის შტორმებიც ქმნის, რაც გადაადგილების პრობლემებს ქმნის. ამასობაში FedEx-ის კონკურენტ კომპანია United Parcel Service-ში (UPS) აცხადებენ, რომ „ომიკრონს“ მათ მომსახურებაზე გავლენა არ მოუხდენია, რამდენადაც კომპანიას „სათადარიგო გეგმა ყოველთვის აქვს“. თუმცა UPS-შიც აღიარებენ, რომ ცუდი ამინდის გამო, რიგ რეგიონებში ამანათების მიწოდება შეფერხებით მიმდინარეობს.

საგულისხმოა, რომ „ომიკრონის“ სწრაფმა გავრცელებამ და ზამთრის მკაცრმა პირობებმა აშშ-ის ავიაკომპანიებში რიგი რეისების გაუქმება გამოიწვია. რაც შეეხება ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკას, ბოლო მონაცემები ასეთია: ბოლო 24 საათის განმავლობაში შტატებში Covid 19-ით გარდაცვალების 2 133 შემთხვევა აღირიცხა, ვირუსით სულ 836 901 მოქალაქეა გარდაცვლილი.