მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის და ეკონომიკური სანქციების გამო, ლარის გაუფასურების მოლოდინია - ISET-ის მკვლევარი

622723e1bfd0a
სალომე მეცხვარიშვილი
10.03.22 10:15
1929
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი დავით კეშელავა ლარის მკვეთრ გაუფასურებას ბაზარზე აჟიოტაჟური ქცევით ხსნის.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომისა და ეკონომიკური სანქციების გამო არსებობს მოლოდინი, რომ ლარი კიდევ გაუფასურდება, ამიტომ მოქალაქეები და ბიზნესი მას სხვა ვალუტაში აკონვერტირებენ, რაც ეროვნულ ვალუტას ზედმეტად აუფასურებს.

"ომი და სანქციები აუცილებლად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე და მომავალში ლარზე გაუფასურების მიმართულებით წნეხს შექმნის, რადგან უცხოური ვალუტის შემოდინების დანაკლისი გვექნება; მოგეხსენებათ, რუსეთი ექსპორტის, ტურიზმისა და გზავნილების კუთხითაც საქართველოს  მჭიდრო პარტნიორია", - აცხადებს დავით კეშელავა.

მისი თქმით, რთული სათქმელია, რა იქნება ლარის წონასწორული კურსი, რადგანაც ბაზარზე კვლავ მაღალი გაურკვევლობა რჩება.

"საქართველოს დანაკლისი რა იქნება, არ ვიცით; არ ვიცით რა იქნება ეროვნული ბანკის რეაქცია, რამდენად მასობრივად გაყიდის ვალუტას ან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი როგორი იქნება; ამ ეტაპზე ძნელია თქვა, რა შეიძლება იყოს წონასწორული კურსი. მნიშვნელოვანი იქნება, რით შევავსებთ უცხოური ვალუტის დანაკლისს, ალბათ ისევ ვალის აღება იქნება ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი”, - აცხადებს დავით კეშელავა.

9 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.28 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4019 ლარს შეადგენს. სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა 5.58 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7360 ლარი გახდა.

9 მარტს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მხარდაჭერისთვის და სავალუტო ბაზარზე ლიკვიდობის მიწოდებისთვის სავალუტო აუქციონი განახორციელა და $39.6 მილიონი გაყიდა. აუქციონზე გასაყიდად $50 მილიონი დოლარი იყო გამოტანილი.