მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ომის დაწყების შემდეგ საერთაშორისო არტისტებს საქართველოში ჩამოსვლისას კითხვის ნიშნები აქვთ”-მიხეილ გიორგაძე

6422d86be8d76
ანუკა ჯოხაძე
28.03.23 18:19
1092
ომის რისკის გამო შესაძლოა ქვეყანაში უცხოელი არტისტების კონცერტები ვერ ჩატარდეს, - ამის შესახებ გუშინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. როგორც ის ამბობს, "ბლექ სი არენას" გუნდს მთავრობამ დაუდასტურა მზაობა, რომ თუკი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდებოდა ამა თუ იმ მაღალი რანგის მუსიკოსთან ან შემსრულებელთან მათ შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა ექნებოდათ.

პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას 2023 წლის მაისის ბოლოდან აანონსებდა.

როგორც ყოფილი კულტური მინისტრი და Eastern Promotions-ის დამფუძნებელი მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით თეა წულუკიანის მხრიდან დასახელებული მიზეზი რეალობასთან ახლოსაა.

მისი თქმით, დღეს გართობის ბიზნესი და არამარტო, არსებული მდგომარეობის "მძევალია". გიორგაძე აცხადებს, რომ რეგიონში მიმდინარე ომის გამო გასულ სეზონზე ჯაზ ფესტივალის ჩატარების დროს Eastern Promotions-ის გუნდს არტისტების დასარწმუნებლად, რომ საქართველო ამ მხრივ უსაფრთხო იყო, დიდი შრომა დასჭირდა.

“ბუნებრივია, ომის დაწყების შემდეგ ეს კითხვის ნიშანი მაინც არსებობს ხოლმე. შემიძლია გასული წლის შემთხვევა გავიხსენო. მაგალითად ბათუმში შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ბოლო წუთამდე წდებოდა საკითხი ქენდი დალფერის ჩამოსვლა-არ ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ჩვენდა საბედნიეროდ, საბოლოოდ ჩამოვიდა, ძალიან დიდი მუშაობა დაგვჭირდა მათ დასარწმუნებლად. მაინც ამ ვითარების ცოტა მძევლები ვართ ყველანი.

არამგონია, რომ ეს მხოლოდ შოუ ბიზნესის პრობლემა იყოს, მეტ ნაკლებად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ბიზნეს სუბიექტი შესჩივის ამ სიტუაციას. გართობის ბიზნესში ყველაზე მეტად მაინც არტისტები სწორედ რეგიონში, ქვეყანაში არსებულ ვითარებას აქცევენ ყურადღებას. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ევროპელები ნაკლებად, უფრო მეტად ამერიკელი არტისტები და მათი მენეჯერები უფრთხიან მსგავსს სიტუაციებს”, - აცხადებს Eastern Promotions-ის დამფუძნებელი მიხეილ გიორგაძე.

bm.ge მსოფლიო ვარსკვლავების შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით, შესაბამისი კითხვებით black sea arena-საც დაუკავშირდა, როგორც სახელწმიფო კომპანიის დირექტორი ტატო ხარჩილავა აცხადებს, უახლეს დღეებში ამ მიმართულებით შესაბამისი ინფორმაცია ცნობილი გახდება.