31.მარტი .2022 23:20

ომის გამო ჯავშნები პოლონეთიდანაც გაგვიუქმდა - Inn Group

ომის გამო ჯავშნები პოლონეთიდანაც გაგვიუქმდა - Inn Group
views 547
უკან

უკვე თვეზე მეტია რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. ომის დაწყების გამო რუსეთი მძიმე ეკონომიკური სანქციების ქვეშ აღმოჩნდა. ორივე ქვეყანას საერთაშორისო ვიზიტორების კუთხით დიდი კონტრიბუცია შეჰქონდა. ტურიზმის მარტის მაჩვენებლები ადმინისტრაციას ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა თებერვალში რუსეთიდან 21 ათასზე მეტი ვიზიტი განხორციელდა, ხოლო უკრაინიდან 8601.

რაც შეეხება პანდემიამდელ პერიოდს, 2019 წელს პირდაპირი ფრენების აკრძალვის მიუხედავად, რუსეთმა 1.4 მლნ-ზე მეტი ვიზიტით მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო უკრაინა 207 ათასზე მეტი ვიზიტით მე-6 ადგილზე იყო.

Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი, ერეკლე კოკაია ამბობს, რომ ომის გამო, ვიზიტორების რაოდენობა არა მხოლოდ უკრაინიდან, არამედ პოლონეთიდანაც შეუმცირდათ.

“ჯავშნები შედარებით ნაკლები, თუმცა მაინც გვაქვს. ძირითადად არაბული ქვეყნებიდან. ყველაზე მეტი ჯავშანი პოლონეთიდან გაგვიუქმდა ან შემდეგ თვეებში გადაიტანეს. სასტუმროში ასევ გვყვავს უკრაინის მოქალაქეები, რომელთა ნაწილს სახელმწიფო ეხმარება, ნაწილს ჩვენ ვმასპინძლობთ. კომერციულ დატვირთულობას რაც შეეხება, გუდაურში საშუალოდ დაახლოებით 50%-ია, როცა 70% უნდა ყოფილიყო. ბაკურიანში სტუმრების რაოდენობა შედარებით ნაკლებია. როგორც წესი მაისიდან იწყება ზაფხულის სეზონი და ეგ პერიოდი მაღალი დატვირთულობით გამოირჩევა, თუმცა ამ ეტაპისთვის წინასწარი ჯავშნების საშუალო რაოდენობა დაახლოებით 50%-ია. მშვიდობა თუ იქნება ჯავშნების რაოდენობა ბუნებრივია გაიზრდება, თუმცა უფრო მაღალი დატვირთულობის მოლოდინი გვქონდა, რადგან პანდემიამდე ამ დროს ჯავშნების რაოდენობა 80-90% იყო”,-ამბობს კოკაია.

Inn Group-ის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე უკრაინის 200 მოქალაქეს მასპინძლობენ, რომლებიც სასტუმროში სახელმწიფოს ჰყავს განთავსებული. აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ვიზიტორები, რომლებიც ომის დაწყებამდე საქართველოში იყვნენ და უკან დაბრუნება ვერ მოახერხეს, ტურიზმის ადმინისტრაციამ სხვადასხვა სასტუმროში განათავსა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა