მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის გამო მანქანების ექსპორტი მოლდოვასა და პოლონეთშიც გაჩერდა - "კავკასიის ავტოიმპორტი"

62308710c01a4
მარიამ ვარადაშვილი
16.03.22 11:39
2244

"კავკასიის ავტოიმპორტი" საქართველოდან უკრაინაში ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია. როგორც კომპანიის გაყიდვების დირექტორმა ალექსანდრე ვეკუამ BMG-ს უთხრა, 2021 წელს კომპანიის გაყიდვების 15-20% სწორედ უკრაინაზე მოდიოდა, კერძოდ, 2021 წელს კომპანიამ უკრაინაში 2 600-მდე მანქანა გაყიდა, თუმცა ომის გამო ამ ეტაპზე ექსპორტი სრულად გაჩერებულია.

ამასთან, როგორც ალექსანდრე ვეკუა ამბობს, მანქანების რეექსპორტი არა მხოლოდ უკრაინაში გაჩერდა, არამედ მოლდოვასა და პოლონეთშიც, რომელთა წილიც კომპანიის მთლიან გაყიდვებში 3%-მდე იყო.

“სხვა ქვეყნებიც არის, რომლითაც შეიძლება უკრაინის ბაზარი ნაწილობრივ ჩანაცვლდეს, თუმცა მდებარეობიდან გამომდინარე, შეზღუდულები ვართ იმაში თუ სად შეიძლება განხორციელდეს რეექსპორტი - პირველ რიგში, ესენია აღმოსავლეთ ევროპის ან დასავლეთ აზიის ქვეყნები; ჩინეთში ან ტაივანში ჩვენგან მანქანას არავინ გაიყვანს. უკრაინა იყო ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე რეექსპორტში; ასევე, აზერბაიჯანი ისევ პირველ ადგილზე რჩება, ყაზახეთშიც ინტენსიურად იყიდება მანქანები. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან მოლდოვასა და პოლონეთშიც მიჰყავდათ, მაგრამ აქაც უკრაინის გავლით ხდებოდა, ამიტომ ეს მიმართულებაც გაჩერებულია. ისევ დასავლეთ აზიის ქვეყნებში უნდა ვეძებოთ ალტერნატივა”, - აცხადებს ვეკუა.

მისივე თქმით, მანქანების რეექსპორტი დაწყებულია სომხეთის მიმართულებითაც.

"კავკასიის ავტოიმპორტის" წარმომადგენელი აზიის ქვეყნებში ექსპორტის მკვეთრ ზრდას არ ელოდება, რადგან როგორც ამბობს, ომის გავლენა ამ ქვეყნებშიც არის, რაც მაღალ ინფლაციას და გაუფასურებულ ადგილობრივ ვალუტას გულისხმობს.

“უკრაინაში ექსპორტის შეჩერების დანაკლისის შევსება დამატებითი ბაზრების მოძიებითაა შესაძლებელი, რადგან არსებულ საექსპორტო ქვეყნებში ავტომობილების გამალებულ შესყიდვებს არ ველოდებით. ცხადია, გაყიდვები შეგვიმცირდება, თუმცა 20%-იანი ვარდნა ჩვენი კომპანიისთვის იმას არ ნიშნავს, რომ უნდა შევამციროთ თანამშრომლები. პანდემიის დროს 20%-ზე გაცილებით დიდი ვარდნა გვქონდა და მაშინ არ გაგვიშვია არცერთი თანამშრომელი; თან გულ-ხელდაკრეფილებიც არ ვართ და ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზეც ვმუშაობთ", - ამბობს ვეკუა.

2021 წელს საქართველოში ჯამური ექსპორტის მოცულობა 4.2 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. აქედან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა 456 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა და მისმა წილმა მთლიან ექსპორტში 11% შეადგინა.