მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის გავლენა კავკასიის ეკონომიკებზე

629b5a78a3b75
ეგნატე შამუგია
05.06.22 09:55
4669
როგორც გლობალურად, ასევე კავკასიაში პანდემია და მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა. ჯერ კიდევ პანდემიის პირველ წელს გლობალური ეკონომიკა 3.4%-ით შემცირდა. სამხრეთ კავკასიის ეკონომიკის კლების ნიშნული 5.3%-ს შეადგენდა, რაც მხოლოდ პანდემიას არ უკავშირდება. 2020 წელს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებმა ოთხმაგი უარყოფითი შოკი მიიღო, რაც პანდემიამდე, წლის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნით დაიწყო. აღნიშნულს მალევე "დიდი ჩაკეტვა“ დაემატა, ხოლო უკვე წლის მეორე ნახევარში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის 45-დღიანი ომი. მეოთხე - სომხეთსა და საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობა, რაც ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ამდენად, ბოლო ორი წელი რეგიონისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, რასაც მიმდინარე პერიოდიდან კიდევ უფრო მკვეთრი შოკი - 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაემატა. აღნიშნულის ეკონომიკური შედეგები რეგიონისთვის საშუალო და გრძელვადიან პერიოდში საკმაოდ არასახარბიელო იქნება.
 
პანდემიის მეორე წელი კი ეკონომიკების აღდგენის პერიოდი იყო. გასულ წელს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა. შედეგად, ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე ნიშნულს 0.7%-ით აჭარბებს. კავკასიის ეკონომიკის აღდგენა კი დიდწილად საქართველოს უკავშირდება, რადგან 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა, რაც პანდემიამდე, 2019 წელთან შედარებით 3.1%-იანი ზრდაა. სწორედ პანდემიამდე პერიოდთან შედარებაა მნიშვნელოვანი, რადგან ზრდაში საბაზო ეფექტი გამოირიცხოს. საქართველოს შემდეგ, 1.1%-იანი აღდგენის მაჩვენებლით აზერბაიჯანი გამოირჩევა, რომლის ეკონომიკა გასულ წელს 5.6%-ით გაიზარდა, მაგრამ 2020 წელს ყველაზე ნაკლებით, 4.3%-ით იყო შემცირებული. აღნიშნული პერიოდი განსაკუთრებით მძიმე სომხეთისთვის აღმოჩნდა, რადგან ეკონომიკა 7.4%-ით შემცირდა, რაც მომდევნო წელს მხოლოდ 5.8%-ით გაიზარდა. ამდენად, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, გასულ წელს სომხეთის რეალური ეკონომიკის მოცულობა 2.0%-ით ნაკლები იყო.

ფიგურა 1: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკის ზრდა წ/წ, თ/თ (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; საერთაშორისო სავალუტო ფონდი; ავტორის გამოთვლები

გასული წლის მეორე ნახევრიდან რეგიონში ეკონომიკის აღდგენა დაიწყო, თუმცა არც თუ ისე სახარბიელოდ. საქართველოს შემთხვევაში ეკონომიკის აღდგენა შედარებით მაღალი დინამიკის აღმოჩნდა, ვიდრე ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ იყო პროგნოზირებული. წლის მანძილზე გაცილებით ოპტიმისტური პროგნოზი მთავრობას და ეროვნულ ბანკს გააჩნდათ, რომელიც წლის ბოლო გამართლდა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.4%-ით გაიზარდა, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც 2.9%-ით მეტია. აღნიშნული კი ადგილობრივ პროგნოზებსაც აღემატება, რადგან მთავრობის და ცენტრალური ბანკის ვარაუდით ეს მაჩვენებლები 2.5% და 2.1%-ები იყო. ამგვარი ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. იანვარსა და თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 18.0% და 14.6%-ებით გაიზარდა. „დიდი ჩაკეტვამდე“ პერიოდთან შედარებით, იანვარში ეკონომიკის ზრდა 4.4%-ია, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდა პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 6.9% შეადგინა. მარტში ეკონომიკა 10.6% იყო, ხოლო აპრილში ზრდის მაჩვენებელმა 2.6% შეადგინა. აპრილში საბაზო ეფექტი უკვე სრულად გამორიცხულია, რადგან გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საბაზო ეფექტის გამო ეკონომიკა 44.8%-ით იყო გაზრდილი. თუმცა, პირველი ოთხი თვლის საშუალო ზრდის მაჩვენებელში საბაზო ეფექტი არსებობს, რადგან 2021 წელის პირველ კვარტალში ეკონომიკა 4.2%-ით იყო შემცირებული. 2022 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო ზრდა 10.8%-ია.

შედარებით განსხვავებული სურათი იყო სამეზობლოში, რადგან 2021 წელს აზერბაიჯანში ეკონომიკის აღდგენის უფრო დაბალი ტემპი იყო, ხოლო სომხეთში ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე პერიოდს ჩამორჩებოდა. აზერბაიჯანში ეკონომიკა 5.6%-ით გაიზარდა. შედეგად, გასულ წელის რეალური ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე ნიშნულს 1.1%-ით აღემატება. მიმდინარე წლის იანვარში კი აზერბაიჯანის ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 3.2%-ით მეტია, რადგან გასული წლის იანვარში ეკონომიკა 2.5%-ით იყო შემცირებული. იანვარში ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის გარეშე, ეკონომიკის ზრდა უფრო მაღალი, 8.8% იყო, რაც 2021 წელის ანალოგიურ პერიოდშიც არ შემცირებულა. იანვარ-მარტში რეალური ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე პერიოდს 7.7%-ით აღემატება, რაც ჯერ კიდევ თებერვალში 3.3% იყო. აღნიშნული კი მარტში ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდა უკავშირდება. კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და დაწესებული სანქციების გამო ნავთობზე ფასების გაიზარდა, ხოლო აზერბაიჯანის ეკონომიკაში ნავთობისა და გაზის ინდუსტრია დომინანტურია. მდგომარეობა აპრილშიც არ შეცვლილა და ეფექტი გაგრძელდა. შედეგად, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში აზერბაიჯანის ეკონომიკა 7.2%-ითაა გაზრდილი, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 2.1% იყო.

ეკონომიკის აღდგენის კუთხით სომხეთში არასახარბიელო მდგომარეობა იყო. პანდემიის გამო მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკების შემთხვევაში უფრო მძიმედ აისახა, ვიდრე აზერბაიჯანის. აღნიშნული ეკონომიკის სტრუქტურას უკავშირდება. საქართველოსა და სომხეთში დომინანტური მომსახურება და ტურიზმის სექტორია. მთავრობის შეზღუდვები კი პირდაპირ აღნიშნულ სექტორებს ეხებოდა. თუმცა, სომხეთის შემთხვევაში დამატებით უარყოფითი გარემოება 45-დღიანი ომი იყო. აქედან გამომდინარე, 2021 წელს სომხეთის ეკონომიკის მოცულობა, პანდემიამდე ნიშნულს 2.0%-ით ჩამორჩებოდა. გასულ წელს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა, მაგრამ პანდემიის პირველ წელს ეკონომიკის 7.4%-იანი კლება იყო. მიმდინარე წლის თებერვალში კი სომხეთის ეკონომიკა 8.2%-ითაა გაზრდილი, რაც ნაწილობრივ საბაზო ეფექტის შედეგია. მარტში სომხეთის ეკონომიკის ზრდა 6.7% იყო, ხოლო პირველ კვარტლის ზრდის მაჩვენებელი კი - 9.6%, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც 7.4%-იანი ზრდა იყო. მიმდინარე წლის აპრილში ეკონომიკის ზრდამ 8.8% შეადგინა, ხოლო პირველი ოთხი თვის მაჩვენებელი 9.4%-ია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სომხეთის ეკონომიკა 2.6%-ით იყო გაზრდილი.

საერთო ჯამში, ეკონომიკის აღდგენის ტემპით გასულ წელს საქართველო გამოირჩეოდა, ხოლო სომხეთში მდგომარეობა საკმაოდ არასახარბიელო იყო, რადგან ეკონომიკა პანდემიამდე ნიშნულს ჩამორჩებოდა. თუმცა, მიმდინარე წელის იანვარ-აპრილის მდგომარეობით საქართველო და სომხეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი დაბალია, ხოლო აზერბაიჯანის შემთხვევაში - პირიქით. აღნიშნული ომის შემდეგ ნავთობისა და გაზის ფასების ზრდას უკავშირდება, რაც აზერბაიჯანის ეკონომიკაში შემოსავლების გენერირების უმნიშვნელოვანესი წყაროა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო და სომხეთისთვის წელი პოზიტიურად დაიწყო, ომმა მდგომარეობა შეცვალა. მიმდინარე ომი კავკასიის ეკონომიკებზეც აისახება. კერძოდ, გავლენა ორივე ქვეყანასთან - რუსეთთან და უკრაინასთან სავაჭრო არხით, ტურიზმით და რუსეთიდან გზავნილების გზით მომდინარეობს.

ამ ფონზე, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 2.5%-ით გაიზრდება, ხოლო სომხეთის 1.2%-ით, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზები ორივეს შემთხვევაში შედარებით ოპტიმისტურია, რადგან ფონდი საქართველოს ეკონომიკის 3.2%-იან ზრდას ელოდება, ხოლო სომხეთის კი - 1.5%-იანს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოლოდინს პირიქით გააუმჯობესებენ. ბანკი ამ საპროგნოზო მაჩვენებელს ისევ 5.5%-იან ნიშნულზე დააბრუნებს. სავალუტო ფონდს 2023 წელის პროგნოზებიც სხვებთან შედარებით ოპტიმისტური აქვს. მომდევნო წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 5.8%-ით ზრდა, ხოლო სომხეთის 4.0%-ით მატებაა პროგნოზირებული. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ამ შემთხვევაში, მიმდინარე წლისთვის მსოფლიო ბანკის პროგნოზით ეკონომიკის 2.7%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც სავალუტო ფონდის პროგნოზებში 2.6%-ია. ეს კი, ჯერ კიდევ იანვარში არსებულ საპროგნოზო მაჩვენებელს 1.9 პროცენტული პუნქტით აღემატება.