მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ომის მიუხედავად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრუნვა დღემდე უკრაინაში გვაქვს“ - „ავტომარკეტ ლოჯისტიკა“

647ddccfac030
ნანუკა ნარიმანიძე
06.06.23 10:11
590
კომპანია „ავტომარკეტ ლოჯისტიკა“ ავტომობილების იმპორტს 2012 წლიდან ახორციელებს. კომპანია მომსახურებას როგორც საცალო მომხმარებელს, ისე ავტოდილერებს უწევს. ავტოიმპორტიორი კომპანიის მთავარი მიზანი, როგორც თავად განმარტავენ, ავტოდილერებისთვის იმ პრობლემების აღმოფხვრაა, რომლებსაც ისინი საქმიანობის პროცესში აწყდებიან. კომპანიის სამუშაო არეალი მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლება და სხვა სერვისს სხვა ქვეყნებში როგორც ინდივიდუალურ, ისე B2B თანამშრომლობას სთავაზობს, კომპანიის სერვისებსა და სამომავლო გეგმებზე Auto Market Logistic-ის დამფუძნებელმა, დავით ბარამიძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„მეცამეტე წელია, რაც ბაზარზე ვართ, 2019 წელს გავედით საზღვრებს გარეთ და ჩვენი პირველი ოფიციალური ბაზარი უკრაინა იყო, ომის მიუხედავად, დღემდე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრუნვა ამ ქვეყანაში გვაქვს. ომის პერიოდში ბევრი კომპანია დაიხურა, ძლიერი კომპანიები კი მაინც დარჩნენ ბაზარზე, ჩვენც მათ შორის ვიყავით. უკრაინაში 5 ფილიალი გვქონდა, ახლა ორ ქალაქში ვართ წარმოდგენილი, კიევსა და ოდესაში, ოდესაში საკუთარი სადგომი გვაქვს, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენ ბაზარზე ყოფნას“, - აღნიშნავს ის.

დავით ბარამიძე უკრაინაზე საუბრისას განმარტავს, რომ კომპანიას ლიეტუვაშიც აქვს ოფისი და დღეს, კლაიპედას გავლით ხდება უკრაინის მომარაგება, სახმელეთო გზით.

„უკრაინის შემდეგ, ჩვენი მეორე ქვეყანა ლიეტუვა იყო, ამ ქვეყნებში პანდემიამდე გავედით, იყო პერიოდი, როდესაც პანდემიის დროს ბევრ დაბრკოლებებს გადავაწყდით და შეჩერდა მუშაობა, თუმცა, მოთხოვნა ორმაგად გაიზარდა ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ კრიზისულ სიტუაციებში წარმატებით მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს, უკრაინის ომისა და პანდემიის ხარჯზე“, - დასძინა მან.

საერთაშორისო ბაზრებზე საუბრისას, დავით ბარამიძე ასევე აცხადებს, რომ კომპანიამ ტეხასში ახალი საწყობი დაამატა.

„ჩვენი წარმომადგენლობა ამერიკის ხუთ შტატშია წარმოდგენილი, ეს შტატებია: კალიფორნია, ტეხასი, ფლორიდა, ჯორჯია და ნიუ-იორკი, ახლახან ტეხასის პორტში საწყობი დავამატეთ, რამაც მომხმარებელს კიდევ უფრო გაუიაფა ტეხასიდან ტრანსპორტირება“, - თქვა მან.

ამასთან, დამფუძნებელმა ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელსაც ქართველი მომხმარებელი ხშირად ხვდება.

„დღეს საქართველოს ბაზარზე უაზროდ გაბერილი ფასებია, სერვისი თითქმის ნულის ტოლია, ძალიან ხშირად კომპანიები კონტეინერებს დროულად ვერ ხსნიან, არ არის საკმარისი რესურსი, რომ მომხმარებელს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, განსაკუთრებით ღამე, გაუწიონ მომსახურება, ამის გამო კომპანიებისგან ნორმალური უკუკავშირი არ არის, ასევე გაურბიან დაზიანებებზე პასუხისმგებლობას და ა.შ., ჩვენ შემთხვევაში, ნებისმიერ დილერს ჰყავს საკუთარი მენეჯერი, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში მზად არის დახმარებისთვის, ასევე ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ კონტეინერების დროულად გახსნას, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. ჩვენს კომპანიაში, ავტომობილის შემოსვლიდან გასვლამდე საშუალო პერიოდი 5-6 დღეა“, - ამბობს ბარამიძე.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ წლის ბოლომდე საქართველოში სამი ფილიალის გახსნა იგეგმება.

„დღეს კომპანიაში 100-მდე ადამიანია დასაქმებული, ეს რიცხვი იმის შემდეგ გაიზრდება, როდესაც ახალ კომპანიებს გავხსნით, მიმდინარე წელს სამი ფილიალის გახსნას ვგეგმავთ, პირველი ოფისი ივნისში გაიხსნება“, - დასძინა მან.