მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავარი გამოწვევა ინფლაციის მიზნობრივ დონეზე დაბრუნებაა - სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი

60d0a213458eb
BM.GE
21.06.21 18:38
680
"მთავარი გამოწვევა დღეს არის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნება და ამისთვის მონეტარული პოლიტიკა ოპტიმალურ რეჟიმში ფუნქციონირებს,"- ამბობს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი ეკატერინე მიქაბაძე. 

მაისის მდგომარეობით, საქართველოში 7.7%-იანი ინფლაციაა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ფასების მატების რეკორდული მაჩვენებელია. ამ ფონზე, ინფლაციაზე პასუხისმგებელი უწყების, ანუ ეროვნული ბანკის საბჭოში უკვე წლებია ვაკანტური პოზიციებია და კანონით განსაზღვრული 9 წევრიდან სებ-ს მხოლოდ 5 წევრი ჰყავს. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს სებ-ის საბჭოში დასამტკიცებლად ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის და ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურები წარუდგინა. 

პარლამენტში მყოფმა ეკატერინე მიქაბაძემ დღეს BMG-ის კითხვებს უპასუხა. მიქაბაძის თქმით, ის პრეზიდენტის მიმართ მისი კანდიდატურის წარდგენისთვის მადლიერებას გამოხატავს.

"ძალიან დიდი მადლობელი ვარ ქალაბატონი პრეზიდენტის. რა თქმა უნდა, მივიღე ეს შეთავაზება მისგან. ჩვენ შორის შედგა საუბარი. მე ნამდვილად მოხრული ვარ, რომ ასეთი შეთავაზება მივიღე. მე საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება მაქვს სებ-ში. გარკვეულწილად მშობლიურ დაწესებულებას ვუბრუნდები და ეს დიდი პატივია.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ მხარს დამიჭერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. ამას აძლიერებს ის გამოცდილებაც, რომელიც მაქვს. ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული,"- ამბობს მიქაბაძე.

კითხვაზე, იყო თუ არა მისი რეკომენდატორი ეკონომიკის სამინისტრო, ეკატერინე მიქაბაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, კანდიდატურების შერჩევის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი მიმდინარეობდა.

"ეს სრულად პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ ეს მსჯელობის და კანდიდატურების შერჩევის საკმაოდ ხაგრძლივი პროცესი იყო და ალბათ ქალბატონი სალომე მივიდა ამ დასკვნამდე,"- ამბობს მიქაბაძე.

ეკატერინე მიქაბაძე 2018 წლის იანვრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეა, 2019 წლის სექტემბრიდან კი პირველი მოადგილის პოსტს იკავებს. ეკატერინე მიქაბაძე 2009-2016 წლებში ეროვნულ ბანკში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 

დღეისთვის სებ-ის საბჭო 5 წევრისგან არის დაკომპლექტებული. მათ შორის სამი წევრი აღმასრულებელი უფლებამოსილების მატარებელია.

საბჭოს წევრები არიან:

კობა გვენეტაძე - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი;
არჩილ მესტვირიშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი;
პაპუნა ლეჟავა - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი;
რობერტ სინგლეტარი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი;
ნიკოლოზ ყაველაშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.

სებ-ის საბჭო 9 წევრამდე 2020 წლის საკანონმდებლო ცვლილებით გაიზარდა. იქამდე მასში 7 წევრი იყო, თუმცა მაშინაც 2 წლის განმავლობაში 7-დან 2 წევრის პოსტი ვაკანტური იყო. ეკატერინე მიქაბაძის და ნიკოლოზ გაგუას დამტკიცების შემთხვევაში სებ-ის საბჭოში 2 ვაკანტური პოზიცია დარჩება.