მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონის მუნიციპალიტეტში 5.5-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა იგეგმება

61e046d457920
დავით ჯალაღონია
13.01.22 22:00
2016
რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების სიახლოვეს, მდინარე ხვარგულაზე მცირე - 5.5 მეგავატის სიმძლავრის ჰესის მშენებლობა იგეგმება.

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე მემორანდუმი მთავრობასთან შპს "ხვარგული ჰესმა" გააფორმა, რომელიც ამავე დასახელების ელექტროსადგურს ააშენებს.

როგორც BMG-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა ირაკლი მოსავლიძემ განუცხადა, აღნიშნული ელექტროსადგურის პროექტი მთავრობის მიერ დამტკიცებული ფინანსური მხარდაჭერის სქემის (ე.წ პრემიალური ტარიფი) ფარგლებში განხორციელდება, რომლის მიხედვით, გაყიდულ ერთ კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე ინვესტორმა სახელმწიფოსგან შეიძლება, მაქსიმუმ 1.5 ცენტი მიიღოს, მხოლოდ 5.5-ცენტიანი ზედა ზღვრის ფარგლებში.

"რა თქმა უნდა, ამ პრემიალური ტარიფის გარეშე უფრო ნაკლებად მიმზიდველი შეიძლება გამოვიდეს პროექტი, რადგან როგორც მოგეხსენებათ, მსგავსი ტიპის პროექტების უმეტესობა ნაწილობრივ ინვესტორის თანხებით ხორციელდება და ნაწილობრივ, საინვესტიციოდ შესაძლებელია ფინანსური ორგანიზაციების გამოყენება. შესაბამისად, როცა ესა თუ ის პროექტი საფინანსო ინსტიტუტებში მიდის დაფინანსების მოსაპოვებლად და რომელსაც აქვს დამატებით ეს ტარიფი, ბევრად მიმზიდველია. ასევე, ჩვენთვისაც მიმზიდველია, რადგან დამატებით რაღაც გარანტიები გვაქვს და ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს სქემა ნორმალურია. მაგალითად, ჩვენს პროექტზე რომ ვიმსჯელოთ, პრემიალური ტარიფით და მის გარეშე, ამ ტარიფით პროექტი უფრო უკეთესი გამოდის.

რა თქმა უნდა, თუ ეს სქემა გაუმჯობესდება, უკეთესი იქნება, მაგრამ ეს პროექტებზეა დამოკიდებული. ზოგი პროექტი ისეთი სირთულისაა, ეს პრემიალური ტარიფი არ ეყოფა, რომ ინვესტორისთვის მიმზიდველი გახდეს. ჩემი აზრით, ინდივიდუალურად უნდა იქნას განხილული პროექტები და თუ რომელიმე პროექტს უჭირს, იქ სხვა მიდგომა იყოს განხილული", - განმარტა ირაკლი მოსავლიძემ.

"ხვარგული ჰესის" მშენებლობისთვის ნაწილობრივი დაფინანსების წყაროდ პროექტის ხელმძღვანელობა საფინანსო ინსტიტუტებს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის მექანიზმი საქართველოს მთავრობამ 2020 წლის ივლისში დაამტკიცა. მას შემდეგ ამ სქემის პირობებში, სულ 6 ჰესის პროექტზეა მემორანდუმი გაფორმებული.