მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონლაინ ბიზნესრეგისტრის განახლებული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

6075a3272309d
ინგა მურუსიძე
13.04.21 19:30
634
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას (BAG) შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ონლაინ ბიზნეს რეგისტრის განახლებული პორტალის პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

„ონლაინ ბიზნესრეგისტრის განახლებული პორტალი საქართველოში რეგისტრირებული მოქმედი საწარმოების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობას იძლევა. პორტალის მეშვეობით მომხმარებელს საშულება აქვს მიიღოს ისეთი სახის ინფორმაცია, როგორიცაა: ეკონომიკური სუბიექტის ფაქტიური და იურიდიული მისამართი, ინფორმაცია დამფუძნებლებისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების შესახებ, ნახოს კავშირი სხვადასხვა კომპანიების მესაკუთრეებსა და დამფუძნებლებს შორის და სხვა“, - განმარტავენ საქსტატში.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის თქმით, „ბიზნესრეგისტრი ქვეყნის მთავარი კომპლექსური რეგისტრია, რომელშიც იდენტიფიკაციის ერთიანი პრინციპების საფუძველზე დაფიქსირებულია ქვეყნის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ან სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი, იგი შეიცავს რეგლამენტირებულ ცნობებს ყველა სუბიექტის შესახებ“. მისივე თქმით, რეგისტრი ნებისმიერ მომხმარებელს საჭირო ინფორმაციის მოძიებას, დაჯგუფებას და ანალიზს გაუმარტივებს.

„საქსტატის მიერ მომზადებული ახალი პლატფორმა ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის, ბიზნესისა და ბიზნესოპერატორებისთვის. პირველ რიგში, იძლევა სრულ და ამომწურავ სურათს საქართველოს ბიზნესგარემოს შესახებ. კომპანიებს შეეძლებათ პარტნიორების მოძებნა, მათ შორის გეოგრაფიული განფენილობის შესაბამისად. პორტალი საფინანსო ინსტიტუტებს საშუალებას მისცემს კონკრეტული კომპანიების შესახებ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია“, - განაცხადა ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ონლაინ ბიზნესრეგისტრის პორტალი ასევე მოიცავს ინფორმაციას ეკონომიკური სუბიექტის ძირითადი საქმიანობის სახის NACE Rev.2 კლასიფიკატორის მიხედვით, როგორც ქვეყნის დონეზე, ასევე რეგიონულ და მუნიციპალურ ჭრილში.

ონლაინ ბიზნეს რეგისტრი განთავსებულია საქსტატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.Geostat.ge  და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.