მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონლაინ-მაღაზია "დოვლათი" - საოჯახო ბიზნესის გეგმები

5ec00cf86441b
ნუცა ბაზლიძე
17.05.20 10:10
1961
გამოწვევა და კრიზისი რომ შესაძლებლობად უნდა ვაქციოთ, covid-19-ის პირობებში ყველაზე ხშირად გვესმის. ამის ერთ კონკრეტულ მაგალითს ონლაინ-მაღაზია „დოვლათიც“ წარმოადგენს.

როგორც BM.GE-ის „დოვლათის“ დამფუძნებელმა ოთო გურგენიძემ განუცხადა, კორონავირუსმა ბიზნეს-კონცეფცია დაუკორექტირა და ოჯახური ბიზნესი სიტუაციას მოარგეს.

“გვსურდა, თბილისში სოფლის ნობათის მაღაზია გაგვეხსნა, რომელსაც სამომავლოდ მიტანის სერვისიც ექნებოდა, მაგრამ კორონავირუსიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, სრულად ონლაინ პროექტი გაგვეკეთებინა. მოწოდების ძირითადი წყარო არის კახეთი; ასევე, მწვანილების თვალსაზრისით, ჩართულია მარნეული. ვფიქრობთ, სამომავლოდ, კიდევ სხვა რეგიონებიც ჩავრთოთ. გვინდა, რომ სრულიად საქართველო მოვიცვათ“, - ამბობს ოთო გურგენიძე.

„დოვლათში“ 4 ადამიანი პროდუქციის დახარისხებას უზრუნველყოს, დასაქმებულია 5 კურიერი, ხოლო პროდუქციით მომარაგებაში კი, დაახლოებით 20 ოჯახია ჩართული.

ამ ეტაპზე პროდუქციის შეძენა ძირითადად „დოვლათის“ Facebook გვერდის (დოვლათი•Dovlati) საშუალებით ხორციელდება, სამომავლოდ კი, კომპანიაში ვებ-გვერდის დამატებასაც გეგმავენ. რაც შეეხება მომსახურების ფასს, გამკაცრებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მომხმარებლებს უფასოდ ემსახურებოდნენ, მაგრამ სამომავლოდ,, თბილისის მასშტაბით, ნებისმიერ შეკვეთაზე 5 ლარიან ტარიფს მოიაზრებენ.

როგორც ოთო გურგენიძე აღნიშნავს, „კომენდანტის საათი“ და საგანგებო მდგომარეობის პერიოდული გამკაცრების თავისებურებები, „დოვლათისთვის“ შემაფერხებელი ფაქტორია, მაგრამ ამ მხრივაც, ადაპტირება მოახერხეს.

„შეფერხებების მიუხედევად, კორონავირუსის ფონი მოთხოვნის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი აღმოჩნდა. ჩვეულებრივ პერიოდში, ვფიქრობ, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით. ამ პერიოდში, დღიურად, მინიმალური შეკვეთების რაოდენობა 11-ს შეადგენდა, მაქსიმალური კი - 24-ს; მოთხოვნა კიდევ უფრო მეტი იყო, მაგრამ კურიერები არ გვყოფნიდა და ხშირად შეკვეთებს მეორედ დღეს ვასრულებდით“, - ამბობს ის.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „დოვლათის“ დამფუძნებელი სტანდარტული მაღაზიის გახსნას ისევ აპირებს, მაგრამ ჯერ ონლაინ-მაღაზიის განვითარება სურს.