მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონლაინ ვაჭრობის 60-მდე კომპანია პრემიერს მიმართავს

5e958cd58f15e
BM.GE
14.04.20 14:13
4606
ონლაინ ვაჭრობის 60-მდე კომპანია პრემიერის და ეკონომიკის მინისტრის სახელზე მიმართვას ავრცელებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ:
 
"უპირველეს ყოვლისა გვინდა აღვნიშნოთ, რომ ვაცნობიერებთ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში Covid19 ის გავრცელების გამო შექმნილ ფორსმაჟორულ ვითარებას. Ჩვენ, ელექტრონული კომერციის წარმომადგენელი კომპანიები ზედმიწევნით ვიცავთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს, რომლითაც უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ჩვენი მოქალაქეებისა და თანამშრომლების ვირუსის გავრცელებისაგან დაცვა.

Მოგეხსენებათ, 21 მარტიდან დაწესებული საგანგებო მდგომარეობისა და სხვადასხვა შეზღუდვის ფონზე, საქართველოში მნიშვნელოვნად გააქტიურდა ელექტრონული კომერცია.

ელექტრონული კომერცია იქცა ერთადერთ საშუალებად, რომ მოსახლეობას დაეცვა #დარჩისახლში რეგულაცია და არ გამოსულიყო გარეთ, მისთვის პირველადი საჭიროების ნივთების მოსაძებნად.

ელექტრონული კომერციის საშუალებით ამა წლის 30 მარტამდე, მოსახლეობას სახლიდან გაუსვლელად შეეძლო ეყიდა მაგალითად წყლის გამაცხელებელი, ახლა კი მისი გაფუჭების შემთხვევაში ის ელემენტარულად ვეღარ დაიკმაყოფილებს ელემენტარულ პირველად ჰიგიენურ მოთხოვნილებებს; ასევე ვერ შეიძენს მაგალითად ავტოსავარძელს, რომელიც აუცილებელია ახალშობილის უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის; ვერ შეიძენს საბავშვო საწოლს, რომელიც აუცილებელია ჩვილის უსაფრთხო ძილისთვის.

ეს ისეთი ნივთებია, რომელთა გარეშეც ადამიანი 1 თვე ვერ გაძლებს და აუცილებლად დაიწყებს მათ ძიებას სახლს გარეთ, ეს კი გაცილებით მეტ პოტენციურად სარისკო კონტაქტებს ქმნის, ვიდრე იმ შემთხვევაში, ამ პიროვნებას ელექტრონული კომერციის მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად / უკონტაქტოდ რომ შეეძინა.

ასევე მნიშვნელოვანია ამ საკითხის სოციალური კუთხით განხილვაც - Საცალოდ მოვაჭრე კომპანიები გადავიდნენ ელექტრონულ ვაჭრობაზე, რამაც მათ მისცა საშუალება შეენარჩუნებინათ თანამშრომლებისთვის ხელფასი და მომხმარებლებისთვის შესაძლებლობა, სახლიდან გაუსვლელად და უსაფრთხოდ შეეძინათ სასურველი პროდუქცია.

მთავრობის 30 მარტის 181-ე დადგენილებით კი ქვეყანაში ფაქტობრივად სრულად შეჩერდა ონლაინ გაყიდვები. ეს იმ დროს , როცა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც უსაფრთხოების მაქსიმალურ ზომებს მიმართავენ, სწორედ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პრიორიტეტს სწორედ ონლაინ გაყიდვებს ანიჭებენ.

დღემდე Მსოფლიოში არ არსებობს მიტანის სერვისით გადაცემის პრეცედენტი. ამავე ინფორმაციას ადასტურებს stop.cov.ge - ზე არსებული მონაცემებიც და ვფიქრობთ Სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით მუშაობს ქვეყანაში ასე წარმატებით საკვების მიტანის სერვისი. Მოგეხსენებათ დისტანციური მუშაობა, მუშაობის სწორედ ის ფორმაა, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს დაინფიცირების რისკს.

მთელ მსოფლიოში გააქტიურებულმა ონლაინ გაყიდვებმა და მიწოდების სერვისმა უზრუნველყო ის, რომ არ გაჩენილიყო დეფიციტი აუცილებელი, პირველადი მოთხოვნის საგნებზე, რაც თავის მხრივ, მოსახლეობის სახლში დარჩენის გარანტია გახდა.

ნიშანდობლივია, რომ მაგალითად საბავშვო ავტოსავარძელი ზუსტად იგივე ლოგისტიკურ ჯაჭვს გაივლიდა, როგორსაც მაგალითად პიცა, ან მობილური ტელეფონი, თუმცა მისი ონლაინ, დისტანციურად რეალიზება და საფოსტო/საკურიერო სამსახურის მეშვეობით მიწოდება, ამ ეტაპზე არ არის ნებადართული.

ონლაინ გაყიდვები, ეკონომიკისთვის ეს ასევე არის შესაძლებლობა არ გაჩერდეს და გადარჩეს პანდემიის პირობებში, რადგან ელექტრონულ კომერციაში მომუშავე უამრავი კომპანია, თავის მხრივ, აქტიურ გადამხდელს წარმოადგენს და მათი საქმიანობის გაგრძელება, ბიუჯეტისთვის შემოსავლის წყაროც იქნებოდა.

ეკონომიკის სამინისტროს არგუმენტით მოხდება კონკრეტული კომპანიების გადამოწმება შესაბამის ბმულზე რეგისტრაციის შემდგომ მათი უსაფრთხოების კუთხით, თუმცა დღეისათვის უკვე 10 000 ასეთი განაცხადი არსებობს და რომლის შემოწმებაც კონკრეტულ ვადებში წარმოუდგენელია.

Სტატისტიკის თანახმად Covid -19 - ის გავრცელების შემდეგ მოსახლეობა გადავიდა ე.წ. დაზოგვის რეჟიმზე. ამ პირობებში გაიზარდა მოთხოვნა პირველადი მოხმარების საგნებზე, ისეთებზე, როგორიცაა საბავშვო ინვენტარი, წიგნები, სადეზინფექციო საშუალებები, სახის დამცავები და პირბადეები, სამაგიდო თამაშები, სპორტული ინვენტარი, ელექტრო საპარსები და ა.შ. Მოგეხსენებათ პირველადი მოხმარების საგნებში არ შედის მხოლოდ საკვები, შესაბამისად მოთხოვნა არის ისეთ პროდუქციაზე, რომელიც მოსახლეობას მორალური და ფიზიკური სიჯანსაღის შესანარჩუნებლად სჭირდება სახლში ყოფნისას.

აიკრძალა რა ამ საგნების ონლაინ გაყიდვა, შედეგად ვიღებთ:

1. Მეტ გარეთ გამოსულ ადამიანს - იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მაღაზიათა უმეტესობა დაკეტილია, ხოლო ონლაინ ამ პროდუქციის შეძენა შეზღუდულია, ადამიანებს მოუწევთ უფრო მეტი მანძილის გადალხვა მათ მისაღებად, შესაბამისად მეტი ადგილის მონახულება, რაც ასევე გაზრდის პოტენციურად სარისკო კონტაქტების რაოდენობას.

2. Მეორეს მხრივ, დარწმუნებულნი ვართ, უკვე არსებობს ეგრეთ წოდებული დახლქვეშ, ხელიდან ხელში ყიდვა-გაყიდვის პრეცენდენტები, ვინაიდან ადამიანები გრძნობენ პირველადი მოხმარების აუცილებლობას შესაბამის ნივთებზე. ეს ერთი კუთხით მთლიანად ცვლის ადამიანების ქცევას და უბიძგებს ეკონომიკური დანაშაულისკენ და მეორეს მხრივ, აღურიცხავი შემოსავალი აკლდება ბიუჯეტს, რომელსაც ისედაც ძალიან უჭირს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.

3. Ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაცვლად მოწესრიგებული და ვალდებულებებით დატვირთული საფოსტო კომპანიებისა, რომლებიც აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მაქსიმალურად იცავენ უსაფრთხოების სტანდარტებს, მივიღეთ უკონტროლო გადაადგილება საკუთარი ავტომობილებითა თუ ტაქსის კომპანიებით.

Საცალოდ მოვაჭრეთა აბსოლუტური უმრავლესობა 30 მარტამდე უკვე სრულად გადასული იყო ონლაინ ვაჭრობაზე და 181-ე დადგენილების (უ) პუნქტის თანახმად, ახდენდა ონლაინ, დისტანციურად ოპერირებას (ანუ მარტივად, სახლიდან მუშაობდა). ეს კომპანიები მზად არიან მხოლოდ დაშვებული 1-3 ადამიანის მეშვეობით მოახდინონ დისტანციურად მიღებული შეკვეთების საწყობში გამზადება და საკურიერო სამსახურისთვის გადაცემა; ამ შემთხვევაში მთელი დატვირთვა მოდის ისევ ფოსტაზე, რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისედაც იღებს დამატებით ვალდებულებებს ტვირთის უსაფრთხოებაზე და ასევე მათი საქმიანობა დაშვებულია, ამავე დადგენილების დანართ #2-ის საფუძველზე.

COVID-19 ის არსებობის პირობებში ქართველ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ დადგენილებით აკრძალული იგივე პროდუქცია უცხოური ვებ-გვერდებიდან, როგორიცაა: Amazon, Ebay, Alibaba, მაგრამ არ აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ იგი ქართული ინტერნეტ მაღაზიიდან. ასეთ მძიმე დროს, უცხოურ ანგარიშებზე გაედინება საქართველოს მოსახლეობის შემოსავლებიც და ეს ყველაფერი მაშინ, როცა ჩვენი სტრატეგია ადგილობრივი წარმოების და ბიზნესის განვითარებაა, ამ შემთხვევაში კი, აბსოლუტურ უთანასწორო მდგომარეობაში ვაყენებთ ქართულ ონლაინ მაღაზიებს.

დღეს Ჩვენს ქვეყანას აქვს უნიკალური შესაძლებლობა გამოიყენოს Covid -19-ის გამოწვევა, როგორც შესაძლებლობა ქვეყანაში ელექტრონული კომერციის განვითრებისა, როგორც ეს ისტორიულად მოხდა სხვადასხვა ქვეყნებში (მაგალითად: ჩინეთში 2003 წელს მომხმარებლების ფიზიკურმა იზოლაციამ ხელი შეუწყო ბაზარზე ელექტრონული კომერციის როლის ზრდას და ფაქტობრივად მოახდინა ელექტრონული კომერციის რევოლუცია ქვეყანაში, წყარო) და რასაც თავისთავად მოყვება ეკონომიკის ეფექტიანობის ზრდა. Რომ ავიღოთ 2018 წლის მონაცემები, ელექტრონული ბაზრის მოცულობამ დაახლოებით 400 მილიონ ლარამდე შეადგინა, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, კი კიდევ უფრო გაიზრდებოდა.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ონლაინ ვაჭრობის ასეთი პრინციპით შეზღუდვა, მხოლოდ იმ ფორსმაჟორით არის განპირობებული, რომელიც ახალმა კორონავირუსმა შეუქმნა სახელმწიფოს და მას არ ჰქონდა საშუალება დროის მოკლე მონაკვეთში უფრო კონკრეტული და სწორი რეგულაციების დაწესების. Მოგეხსენებათ, Მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც კი დღეს ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ და მდგომარეობა დღითიდღე უფრო რთულდება. ელექტრონული კომერცია კი არის ის ერთ-ერთი დარგი, რომელიც საშუალებას იძლევა, ქვეყანა მოერგოს ახალ რეალობას და შეინარჩუნოს ეკონომიკური აქტივობა.

ბატონო პრემიერო და ქალბატონო მინისტრო, გთხოვთ, დაინტერესდეთ და პირადად შეისწავლოთ აღნიშნული საკითხი. მოგმართავთ თხოვნით, ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, დაუშვათ ელექტრონული კომერციის კონკრეტულ კატეგორიებზე შეზღუდვის გარეშე მუშაობა.

გვერწმუნეთ ელექტრონული კომერციის ქართულ სექტორს აქვს მზაობა და შესაძლებლობები დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა და უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხოება. ამ მიზნით Მზად ვართ თანამშრომლობისათვის შესაბამის უწყებებთან, იქნება ეს ეპიდემიოლოგიის სამსახური, თუ სხვა უწყებები.

Მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ უმოკლეს ვადებში მიიღებთ გადაწყვეტილებას"-ნათქვამია განცხადებაში.