მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022: საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი

6293f61d9f455
ეგნატე შამუგია
30.05.22 15:25
4806
საქართველო მცირე, მაგრამ ღია ეკონომიკის ქვეყანაა. ღიაობა ნიშნავს, რომ ქვეყანა ჩართულია საგარეო ვაჭრობაში და ადგილობრივი მოხმარების მხოლოდ ადგილობრივი წარმოება არ არის და ეს უკანასკნელი სხვა ქვეყნის ადგილობრივი მოხმარებასაც აკმაყოფილებს. შესაბამისად, რაც უფრო ღიაა ეკონომიკა, მით უფრო არსებითი წვლილი გააჩნია ეკონომიკური ზრდაში საგარეო ვაჭრობას. რეგიონიდან საქართველოს ყველაზე ღია ეკონომიკის სტატუსი გააჩნია. გლობალურად, ღიაობის მაჩვენებლით 200 ეკონომიკური ერთეულიდან 72-ე ადგილს იკავებს.
 
საქართველოს ისტორიულად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გააჩნია - ქვეყანაში იმპორტირებული საქონელი და მომსახურება აღემატება ექსპორტირებულს. ძირითადი სავაჭრო პარტნიორები სამეზობლოს ქვეყნებია, თუმცა „დიდი ჩაკეტვის“ კრიზისის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა და ნომერ პირველი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი გახდა. ნომერ პირველი საიმპორტო ქვეყანა კი ისტორიულად მეზობელი ქვეყანა - თურქეთია.

ფიგურა 1: საქართველოს საგარეო ვაჭრობა, 2022 წლის პირველი კვარტალი (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონის ქვეყნებიდან აქტიური სავაჭრო ურთიერთობით გამოირჩევა, იმპორტი მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისთვის არ ხორციელდება. იმპორტირებული საქონლის ნაწილი რე-ექსპორტისთვისაა. პანდემიამდე, თუკი 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 827.6 მლნ აშშ დოლარია, აქედან მხოლოდ 66.1%, 547.2 მლნ აშშ დოლარი იყო ადგილობრივი ექსპორტი. აღნიშნულ პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს მთლიანი ექსპორტი 87.8 მლნ აშშ დოლარით იყო გაზრდილი, რაც დიდწილად სწორედ რეექსპორტის ზრდას უკავშირდებოდა, რადგან ამ პერიოდში რეექსპორტის ღირებულება 74.0 მლნ აშშ დოლარით მეტი იყო.

ამდენად, საქართველოს მთლიან ექსპორტში რე-ექსპორტს არსებითი წილი უჭირავს და მისი ცვლილება მკაფიოდ აისახება ქვეყნის საგარეო ვაჭრობის ინდიკატორებზე. "დიდი ჩაკეტვის" პერიოდში კი ადგილობრივ ექსპორტსა და რე-ექსპორტს შორის თანაფარდობა შეიცვალა, რამაც ნაწილობრივ, ზემოთ ხსენებული, საექსპორტო ქვეყნების წილის ცვლილებაც განაპირობა, რადგან ზოგიერთ ქვეყანაში ძირითადი საექსპორტო საქონლის წილში რეექსპორტია. მაგალითად ასეთი ქვეყანა ბულგარეთია, სადაც 2019 წელს მთლიანად 284.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა, მაგრამ მისი 74.4%, 211.3 მლნ აშშ დოლარი რეექსპორტი იყო. თავად რეექსპორტის 93.3% კი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო, რომელიც საქართველოს რეექსპორტის ძირითადი საქონელია. ხოლო, რეექსპორტისთვის თავად საქონლის იმპორტი ძირითადად სომხეთიდან ხორციელდება (მათ შორის, მცირე ნაწილი ლათინური ამერიკიდან).

ფიგურა 2: საქართველოს ექსპორტი მშპ-სთან მიმართებით, 2022 წლის პირველი კვარტალი (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები*

გარდა სპილენძის მადნებისა, საქართველოდან სამეზობლოს ეკონომიკებში ავტომობილების, სამედიცინო საქონლის და სხვადასხვა ტექნიკის რე-ექსპორტი ხორციელდება. მათ შორის, ყველაზე დიდი წილი მსუბუქ ავტომობილებს უჭირავს, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანში რე-ექსპორტირდება. თუმცა, 2020 წლიდან სომხეთში ავტომობილების რეექსპორტი დრამატულად შემცირდა, რაც ამ პერიოდიდან ახალი საბაჟო რეჟიმის ამოქმედებამ განაპირობა. კერძოდ, სომხეთში ევროპიდან და ამერიკიდან მეორადი ავტომობილების იმპორტზე გადასახადი გაიზარდა, ხოლო საქართველოდან რეექსპორტი სწორედ ამ ორი ეკონომიკური ერთეულიდან შემოყვანილი ავტომობილებით ხორციელდება.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანმა ექსპორტმა 1 171.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 353.9 მლნ აშშ დოლარით მეტია. აღნიშნულ პერიოდში ექსპორტის ზრდა დიდწილად ადგილობრივ ექსპორტს უკავშირდება, რადგან ამ პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის ღირებულება 281.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც მთლიანი ექსპორტის ზრდის 79.5%-ია. შედეგად, მთლიან ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 75.6%-მდეა გაზრდილი, რაც 2021 წლის პირველ კვარტალში 73.9% იყო, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 68.5%. ამდენად, ადგილობრივი ექსპორტი მკვეთრად არის გაზრდილი, რაც მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 21.5%-ია, რაც წინ წილის ანალოგიურ პერიოდში 17.4% იყო.

ფიგურა 3: საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი, 2022 წლის პირველი კვარტალი
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის ნომერ პირველი დანიშნულება ჩინეთია, რადგან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი ექსპორტის ღირებულებამ 210.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანად ამავე პერიოდის ადგილობრივი ექსპორტის 23.8%-ია. ჩინეთში ექსპორტი პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 129.2%-ითაა გაზრდილი. საქართველოდან ჩინეთში ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნებია, რომლის ღირებულებამ 178.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 84.7%-ია.

ჩინეთის შემდეგ საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა თურქეთია. აღნიშნულ პოზიციაზე წინა წლებში რუსეთი იყო. 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან თურქეთში 94.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა, რაც ამ უკანასკნელის მთლიანი ოდენობის 10.7%-ია. თურქეთში ნომერ პირველი საექსპორტო საქონელი ფეროშენადნობებია, რამაც პირველ კვარტალში 21.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წელს თურქეთთან ადგილობრივი ექსპორტის ღირებულება 32.8%-ით გაიზარდა. თურქეთზე ოდნავ ნაკლები, 94.6 და 94.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა რუსეთსა და ბულგარეთში. ამ უკანასკნელში მთლიანი ადგილობრივი ექსპორტი, 96.1%, 90.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სპილენძის მადნები იყო. რაც შეეხება რუსეთს, 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ადგილობრივი ექსპორტის ღირებულება 2.8%-ით შემცირებულია. ამ ქვეყანაში საქართველოდან ექსპორტი შედარებით მრავალფეროვანია. პირველ კვარტალში 32.6 მლნ აშშ დოლარის ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა. ამავე პერიოდში ღვინის ექსპორტის ღირებულება 25.4 მლნ დოლარი, ხოლო მინერალური წყლების 14.4 მლნ აშშ დოლარი იყო.

ამდენად, პირველი ოთხი ძირითადი სავაჭრო პარტნიორის კონტრიბუცია 55.8%-ია, ხოლო ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და ფეროშენადნობებია. ადგილობრივი ექსპორტის მიხედვით რიგით მეხუთე სავაჭრო პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აშშ-ში განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტის ღირებულებამ 79.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61.3%-ითაა გაზრდილი. აშშ საქართველოდან ძირითადი საექსპორტო საქონელი ფეროშენადნობებია, რადგან პირველ კვარტალში აღნიშნულის ექსპორტმა 74.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დანარჩენი ხუთი ძირითადი საექსპორტო ქვეყანა უკრაინა (4.4%), სომხეთი (3.2%), აზერბაიჯანი (2.7%), შვეიცარია (2.3%) და პერუა (2.0%). ამ უკანასკნელში 2022 წლის პირველ კვარტალში 18.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა, რომელიც სრულად სასუქები იყო.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ექსპორტში რე-ექსპორტის წილი მაღალია, რაც ძირითადად სხვადასხვა ლითონის მადნებსა და მსუბუქ ავტომობილებს უკავშირდება. ადგილობრივ ექსპორტშიც სპილენძის მადნების წილი მაღალია. 2022 წლის პირველ კვარტალში მთლიანი ადგილობრივი ექსპორტი 885.4 მლნ აშშ დოლარი იყო, სადაც 271.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სპილენძის მადნები ექსპორტია. საერთო ჯამში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ადგილობრივი ექსპორტი 46.6%-ითაა გაზრდილი, რაც 2021 წელს 13.1% იყო.

*2022 წლის პირველი კვარტლის მშპ-ს გამოთვალა ეყრდნობა დღგ-დან შემოსავლებს.