მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OPEC-მა და რუსეთმა ნავთობის მოპოვების 10%-ით შემცირებაზე ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს

5e936f6dd732f
შოთა ტყეშელაშვილი
12.04.20 23:41
2359
ნავთობექსპორტიორი ქვეყნების გაერთიანებამ (OPEC), რუსეთმა, ასევე OPEC-ის არაწევრმა რამდენიმე სახელმწიფომ მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

შეთანხმების შედეგად, ქვეყნები საკუთარი ყოველდღიური მოპოვების მოცულობას 9.7 მილიონი ბარელით შეამცირებენ.

Reuters-ის ინფორმაციით, ოთხდღიანი მოლაპარაკებები დაძაბულ ვითარებაში, ვიდეოკონფერენციების მეშვეობით მიმდინარეობდა. მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაცია პირველმა ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ გაავრცელა.

OPEC+ ფორმატში მოლაპარაკებების გამართვა აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეთანხმების მიუღწევლობას ორ ქვეყანას შორის "ფასების ომი" და მოპოვების მკვეთრი ზრდა მოყვა. გლობალურად COVID-19-ის პანდემიის გამო კი ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა მკვეთრად არის შემცირებული. სწორედ ამიტომ მარტის დასაწყისში ნედლი ნავთობის ფასი ბოლო 18 წლის მინიმალურ მაჩვენებლად შემცირდა ($20 დოლარამდე დაეცა).

მკვეთრად დავარდნილი ნავთობის ფასის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომ იმ შემთხვევაში თუ OPEC-ის ლიდერები და კონკრეტულად საუდის არაბეთი შესაბამის შეთანხმებას არ მიაღწევდნენ, ამერიკა მათ ნავთობპროდუქტებზე საიმპორტო ტარიფებს დააწესებდა.

Reuters-ის ინფორმაციით, შემცირებული მოპოვების კვოტები 2022 წლის აპრილამდე იქნება ძალაში.

სხვადასხვა შეფასებით, ნედლი ნავთობის ფიუჩერსებზე მოთხოვნა 1/3-ით არის შემცირებული, რაც გლობალურად COVID-19-ის წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდველ მოთხოვნებს უკავშირდება.