მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OPEC-მა, შესაძლოა, ნავთობის მოპოვება მილიონი ბარელით შეამციროს - ბირჟაზე ფასები იზრდება

633a868a48f59
გიორგი თოლორდავა
03.10.22 11:10
644
ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC+) ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, 5 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ნავთობის მოპოვების მკვეთრად შემცირების გადაწყვეტილება მიიღოს.

OPEC-ის წარმომადგენლობის განმარტებით, საუბარია დღიური წარმოების ერთი მილიონი ბარელით შემცირებაზე, რაც 2020 წლის შემდეგ დაფიქსირებული შემცირების ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელი იქნება.

ბაზრისთვის ნავთობის მიწოდების შემცირების გეგმა პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო ბირჟაზე ენერგორესურსების ფასების შემცირებასთან, მათ შორის, ბარელი ნავთობის ღირებულება გასულ თვეს 2022 წლის მინიმალურ ნიშნულამდე შემცირდა, რაც OPEC-ის წევრი სახელმწიფოებისთვის არახელსაყრელია.

ზოგადად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებით ყველაზე დიდ სარგებელს სწორედ OPEC-ის წევრი სახელმწიფოები იღებენ, შესაბამისად, მიწოდების გაზრდა და ფასების შემცირება მათ ინტერესებში არ შედის. გარდა ამისა, გასათვალისწინებელი ფაქტორია რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური გავლენა აღნიშნული ორგანიზაციის დამოკიდებულებასა და დღის წესრიგზე.

OPEC-ის წევრი სახელმწიფოებისათვის ყველაზე ხელსაყრელ საფასო დიაპაზონად ბარელ ნავთობზე 90-100 დოლარი ითვლება, მიწოდების შემცირების პოლიტიკა კი ფასის სწორედ ამ ნიშნულისკენ დაძვრაზეა მიმართული.

ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ღირებულება თითქმის 3%-ით გაიზარდა - ამჟამად ბარელი Brent-ის ღირებულება 88 დოლარს აღწევს, WTI Crude-ის ფასი 82 დოლარის ფარგლებშია, ხოლო რუსული Urals-ის მარკის ნავთობის ბირჟაზე 71 დოლარად ივაჭრება.