02.დეკემბერი .2022 18:16

OPEC-მა, შესაძლოა, საერთაშორისო ბირჟას ნავთობის მიწოდება შეუმციროს

OPEC-მა, შესაძლოა, საერთაშორისო ბირჟას ნავთობის მიწოდება შეუმციროს
views 689
უკან

მიმდინარე კვირას ვენაში ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC+) ლიდერების შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც ნავთობის წარმოების სამომავლო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს.

გავრცელებული ინფორმაციით, OPEC-ის წევრი სახელმწიფოები საერთაშორისო ბირჟისთვის ნავთობის მიწოდების შემცირების გეგმას განიხილავენ, რომელსაც მხარს უჭერენ ორგანიზაციის დე-ფაქტო ლიდერები - საუდის არაბეთი და რუსეთის ფედერაცია.

ამ ეტაპისთვის დღიური მიწოდების დამატებით 500,000 ბარელით შემცირების პერსპექტივა განიხილება, თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ OPEC-მა აშშ-ის და ევროკავშირის დაჟინებული მოთხოვნა გაითვალისწინოს და ზამთრისთვის მიწოდება უცვლელად დატოვოს.

აღსანიშნავია, რომ OPEC-ის გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკვანძო როლს ჩინეთის ფაქტორი ასრულებს, სადაც კოვიდინფიცირების შემთხვევები რეკორდულად იზრდება, რაც აჩენს იმის რისკს, რომ კომუნისტურმა მთავრობამ მკაცრიო ლოკდაუნები დააწესოს, რაც, თავის მხრივ, ნავთობის ფასების შემცირებას გამოიწვევს.

ბუნებრივია, OPEC-ის წევრი სახელმწიფოების ინტერესებში არ შედის ნავთობის გაიაფება, რადგან ისინი ყველაზე დიდი ეკონომიკურ სარგებელს სწორედ მაღალი ფასების პირობებში იღებენ.

აგრეთვე გასათვალისწინებელია ევროკავშირის ფაქტორიც, რუსულ ნავთობზე ფასის დაბალი ლიმიტის დაწესების შემთხვევაში, OPEC-ი იძულებული გახდება იმოქმედოს, მოსალოდნელი 60-დოლარიანი ლიმიტი კი ვითარებას არსებითად ვერ შეცვლის, შესაბამისად, OPEC-ს არც ინტერვენციის განხორციელება არ მოუწევს.

Goldman Sachs-ის პროგნოზით, მომავალი წლისთვის ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის საშუალო ფასი 110 დოლარის ფარგლებში იქნება. შედარებისთვის, ამჟამად Brent-ის ფასი 87 დოლარს შეადგენს.