მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"OPEC-თან ჩაშლილი ალიანსი რუსეთს დღეში $150 მლნ დაუჯდება" - Lukoil-ის თანამფლობელი

5e6638dfb67c2
ნათია თაქთაქიშვილი
09.03.20 18:00
980

"რუსეთი დღეში, დაახლოებით, 100-150 მილიონ აშშ დოლარს დაკარგავს OPEC-თან შეთანხმების მიუღწევლობის გამო", - ასეთია რუსული ნავთობკომპანიის Lukoil-ის თანამფლობელის ლეონიდ ფედუნის პროგნოზი. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს

რუსეთს და საუდის არაბეთს შორის ხელშეკრულების ჩავარდნის მიზეზს ნავთობის მოპოვების შემცირების საკითხი წარმოადგენს, რადგან რუსეთის მთავრობამ მოპოვების შემცირებაზე უარი განაცხადა. 

„ეს არის ძალიან მოულოდნელი და ირაციონალური გადაწყვეტილება“, - ციტირებს ფედუნს რუსული მედია. 

ფედუნის პროგნოზით, ნავთობის ფასი 40 დოლარამდე შემცირდება. რუსეთი კი, დღეში დაახლოებით, 5 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტს ეწევა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ Lukoil-მა წარმოება 3%-ითაც რომ გაზარდოს, მომავალში მოსალოდნელი დანაკარგების კომპენსირებას მაინც ვერ შეძლებს. მითუმეტეს, დღეს კორონავირუსის გამო ნავთობზე მოთხოვნა ისედაც შემცირებულია.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა რუსულ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ ქვეყნებს არ აქვთ ვალდებულება, შეამცირონ ნავთობის წარმოება 1 აპრილის შემდეგ, რადგან გასული წელს OPEC-თან დადებული შეთანხმება, რომელიც ნავთობის გამომუშავების შემცირებას 1,7 მილიონი ბარელით დღეში ითვალისწინებდა, ძალაში 31 მარტამდე იყო.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბოლო 12 თვის განმავლობაში, უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორები იმიტომ ინტერესდებოდნენ რუსული ნავთობის და გაზის კომპანიებით, რომ კარგ დივიდენდებს იძლეოდნენ, მაგრამ აქაც ნეგატიურად შეიცვალა სიტუაცია, რადგან "ლუკოილის" აქციებზე ფასი დაახლოებით, 20%-ით შემცირდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

დაახლოებით, ანალოგიურ მდგომარეობაში არიან რუსეთის უმსხვილესი დამოუკიდებელი ბუნებრივი გაზის მწარმოებელი Novatek-ი და Gazprom-ი. 1 ინავრის შემდეგ, Novatek-ის აქციებზე ფასი 31%-ით შემცირდა, ხოლო Gazprom-ზე - 35%-ით.