მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Open Net-ის საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება შეფერხდა"

5d9b2ebca0f85
ელენე გოგბერაშვილი
08.10.19 22:40
1340
საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის შეფერხება სახელდება ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც საქართველოს მსოფლიო ბანკმა 2016 წელს გამოყოფილი დაფინანსება შეუმცირა.

საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2016 წელს სასესხო ხელშეკრულება საქართველოსთვის 40 მლნ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა, რაც ფართომასშტაბიანი ინტერნეტ მომსახურების და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების გაზრდას, ასევე შერჩეულ ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციის ჰაბებისა და ინოვაციის ცენტრების ქსელის განვითარებას უნდა მოხმარებოდა.

სესხის თანხა პროექტების განსახორციელებლად „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გადაეცა. მთლიანი ბიუჯეტიდან დღეის მდგომარეობით, მხოლოდ 5,2 მილიონი დოლარია ათვისებული.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო პროექტის შეფერხების მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ თავდაპირველად პროექტი საკმაოდ ოპტიმისტურად გაიწერა. პროექტის განხორციელებაზე უარყოფითად აისახა ასევე საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროცესიც.

„პროექტის ერთ-ერთი ქვე-კომპონენტი მოიცავს ინტერნეტვაუჩერიზაციას, რომელიც პირდაპირ მიბმული იყო Open Net-ის პროექტზე, რომლის განხორციელებაც შეფერხდა და გათვალისწინებული ტერიტორიების დაფარვა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ვერ განხორციელდა“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტის განმარტებით ბარათში.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტრომ მიმართა მსოფლიო ბანკს „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის“ ცვლილების თაობაზე. შედეგად მსოფლიო ბანკის დაფინანსება 40 მილიონი დოლარიდან 23 მილიონ დოლარამდე მცირდება.

შეგახსენებთ, მთავრობამ საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა 2016 წლის ივლისში დაამტკიცა. ფონდ „ქართუს“ ინტერნეტიზაციის პროექტი 100 მილიონი დოლარით უნდა დაეფინანსებინა. ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2020 წლისთვის მოსახლეობის 90%-ს უნდა ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა, თუმცა რა სამუშაო იქნა გაწეული პროექტის დაანონსებიდან 4 წლის შემდეგ უცნობია, რადგან პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ოუფენ ნეტს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინფორმაცია 2016 წლის შემდეგ არ განუახლებია.