25.სექტემბერი .2019 15:10

OPIC-მა ლიბერთი ბანკს USD 15 მლნ სესხი დაუმტკიცა

views 188
უკან

OPIC-სა (Overseas Private Investment Corporation) და "ლიბერთი ბანკს" შორის ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის ფარგლებშიც ბანკი OPIC-ისგან 15 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.

როგორც ბანკში განმარტავენ, ეს თანხა "ლიბერთი ბანკის" ინფრასტუქტურის მოდერნიზაციას მოხმარდება, რაც ასევე მოიცავს უახლესი მოდელის 500 ბანკომატის შეძენას. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ბანკის გაცხადებული სტრატეგიის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს ლიბერთი ბანკის ჩამოყალიბებას წამყვან, უნივერსალურ ბანკად საქართველოში.

2017 წელს ბანკის აქციონერების ცვლილებასთან ერთად, ახალმა გუნდმა ბიზნესის განვითარების ამბიციური სტრატეგია შეიმუშავა. ეს სტრატეგია მიზნად ისახავს:

• ბანკის თანამშრომლების გადამზადებას და მათი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კლიენტების მომსახურების ხარისხს;
• მომხმარებელზე ორიენტირებული საბანკო მომსახურების დანერგვას, როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ და მცირე და საშუალო ბიზნეს-სეგმენტებისთვის;
• მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვის მიზნით საქართველოში.

მენეჯმენტის გუნდი მიიჩნევს, რომ ლიბერთი ბანკის ქსელის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ასევე მოიცავს რთულად მისაწვდომ დასახლებულ პუნქტებს, ინკლუზიური საფინანსო სისტემის განმტკიცების საწინდარს წარმოადგენს.

"მოხარული ვართ OPIC-თან თანამშრომლობის დაწყებით. ეს თანამშრომლობა დიდი მიღწევაა ლიბერთი ბანკისთვის და ჩვენი გუნდისთვის წარმოადგენს დამატებით სტიმულს დასახული მიზნების მიღწევის გზაზე. ახალი თაობის ბანკომატების განთავსებით ჩვენს მომხმარებლებს შეეძლებათ ისარგებლონ ციფრული საბანკო მომსახურებით უწყვეტ რეჟიმში, ნებისმიერ დროს, მთელი ქვეყნის მასშტაბით", - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან ლეკიშვილმა.

თავის მხრივ, ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი რუხაძემ OPIC-ს გამოხატული ნდობისათვის და ლიბერთი ბანკის გუნდს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

"პროექტის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე და კონკურენტული ფინანსური სისტემის განვითარებას", - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

"OPIC-ისთვის პატივია თანამშრომლობის დაწყება ლიბერთი ბანკთან. ეს თანამშრომლობა მიმართულია საქართველოში ფინანსური ინკლუზიურობის ხელშეწყობისკენ. OPIC-ის სესხი მიზნად ისახავს ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს განსაკუთრებით აქტუალურია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და ასევე, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც ამ ეტაპზე ნაკლებად სარგებლობს საბანკო სექტორის მომსახურებით", - განაცხადა OPIC-ის მმართველმა დირექტორმა კენეთ ენჯელმა.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის უწყვეტი მხარდაჭერის მნიშვნელოვნებას საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა