მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპოზიცია პარლამენტში ბიუჯეტის დამტკიცების ხათრით მაინც უნდა შევიდეს - მინისტრი

5face570da861
ვიქტორია მღებრიშვილი
12.11.20 11:50
643
საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში მხოლოდ ბიუჯეტის განხილვის ხათრით უნდა შევიდეს - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ამბობენ. 

ივანე მაჭავარიანი განმარტავს, რომ დღეს სწორედ ბიუჯეტის განხილვაზეა დამოკიდებული 2021 წლის მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდამჭერი პაკეტების სწორი გადანაწილება და დამტკიცება.

„დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგის რესურსი არსებობს და ერთ რამეს გეტყვით, არაფერზე რომ არ იყოს თანხმობა და ვერაფერზე შეჯერდნენ, მგონია, რომ მხოლოდ ბიუჯეტის ხათრით უნდა შედიოდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში, იმიტომ, რომ ბიუჯეტი ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტია, რომელსაც პარლამეტი წლის განმავლობაში განიხილავს და მისი აქტუალობა დღეს ისეთი მაღალია, როგორც არასდროს ამ პანდემიის და კრიზისის პერიოდში.

ღმერთმა დაიფაროს და თუ ბიუჯეტის მიღება არ ხდება, ავტომატური მოდელი ირთვება, რაც არ არის კარგი, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ბიუჯეტს, იმიტომ, რომ მის სწორ განაწილებაზე ბევრი რამეა დამოკიდებული... პრაქტიკულად ადამიანთა სოცოცხლეებიდან დაწყებული ბევრის არსებობას და ყოფას ეხება, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ ის პაკეტები და მასტიმულირებელი ინსტრუმენტები იყოს დამტკიცებული. ამ დისკუსიაში მონაწილეობის მიღება არის ყველას ვალი“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არასდროს ისეთი მნიშვნელოვანი არ ყოფილა ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება, როგორც ახლა და ეს ქვეყნის დანგრევა-არ დანგრევას ეხება.

„ახლა ხშირად გვესმის ხოლმე მათ შორის ოპოზიციიდან, რომ "ჩვენ ქვეყანას ხომ არ დავანგრევთ და საბოლოო ჯამში უნდა შევთანხმდეთ", რაც ძალიან კარგია, ქვეყნის დანგრევა-არდანგრევა საბოლოოდ გადის იმაზე, რომ უნდა შემოვიდნენ პარლამენტში და ბიუჯეტის განხილვაში აქტიური მონაწილება მიიღონ“, - თქვა ფინანსთა მინისტრმა.