მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპოზიციის და პომპეოს თანაშემწის შეხვედრა დასრულდა - პოლიტიკოსების განცხადებები

5fb52ea437761
ინგა მურუსიძე
18.11.20 18:24
1291
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ოპოზიციასთან შეხვედრის გარეშე დაასრულა, თუმცა ოპოზიციას შეხვდა მისი თანაშემწე ევროპის და ევრაზიის მიმართულების ფილიპ რიკერი, რომელიც თბილისში დარჩა. სასტუმრო "შერატონში" გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ პომპეოს თანაშემწესთან ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ აფასებს ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

მათივე ინფორმაციით, საუბარი არ შეხებია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომლითაც ის ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

„შეხვედრაზე გავცვალეთ მოსაზრებები, გავაცანით ჩვენი მოსაზრება იმაზე თუ რატომ მიგვაჩნია არჩევნები გაყალბებულად. ასევე, მოვისმინეთ მოსაზრება, თუ როგორ აპირებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იყოს ჩართული ამ პროცესში იმისთვის, რომ მოვახერხოთ შეთანხმების მიღწევა, რომელიც სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. არ ვასაჯაროებთ საუბრის დეტალებს, ეს არის ჩვენი შეთანხმება. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი პოზიცია არ იცვლება, მზად ვართ ვიმუშაოთ კონსტრუქციულად, გაგრძელდეს ჩვენი დიალოგი ხელისუფლებასთან, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ყურადღებით წავიკითხე. არ დარჩენილა დარღვევა, რომელიც განცხადებაში არ ასახულა, ასე რომ, ჩვენი შეფასებები ემთხვევა, ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას - ეს პოზიცია არის მყარი“, - განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

პარტია "გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით კი, შეხვედრაზე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე საუბარი არ ყოფილა. "შემოთავაზებული იყო, ხომ არ სჯობს ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ ბრძოლის გაგრძელება, რაზეც ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს, ამიტომ ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლა უშინაარსოა - ეს ავუხსენით ზუსტად. მოვუყევით მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე და ვუთხარით, რომ ველოდებით მესამე რაუნდს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბურთი ხელისუფლების მოედანზეა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე არც ერთი პარტია პარლამენტში არ შევა და ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება.

იგივე პოზიცია აქვს „ნაციონალურ მოძრაობას", რომლის ლიდერის გრიგოლ ვაშაძის თქმით, ოპოზიციამ აშშ-ის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია და ფაქტები არჩევნებზე მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ: მაიკ პომპეოს მიერ საქართველოს დატოვებიდან რამდენიმე წუთში განცხადება გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელშიც დოკუმენტში საუბარია, 31 ოქტომბრის არჩევნებზე არსებულ დარღვევებზე, ხმების გადათვლის პროცესის გაუმჭვირვალობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლოვანებებზე, რაც არჩევნებზე არსებული დარღვევეის სასამართლოს გზით გამოსწორების შესაძლებლობის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს. დოკუმენტის თანახმად, სწორედ სასამართლოს და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ნაკლებობის გამო, ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა არჩევნების მეორე დღესვე მისი შედეგების მიმართ ბოიკოტი გამოაცხადა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დღეს საქართველოს პარლამენტო არის უფრო პლურალური, ვიდრე აქამდე იყო, რაც გაზაფხულზე განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები შედეგს წარმოადგენს. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ.