მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპოზიციის ნაწილი ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართავს

62584da13d254
BM.GE
14.04.22 20:35
758
ოპოზიციის ნაწილი  ევროკომისარს სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის ოფიციალური წერილით მიმართავს.

როგორც წერილშია აღნიშნული, დამაიმედებელია, რომ ევროკავშირმა აჩვენა პოლიტიკური ნება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის შესაბამისი განხილვის პროცედურის დაჩქარების საკითხში.

„უპირველეს ყოვლისა, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პირადი წვლილისთვის ევროკავშირის მიერ გასულ თვეში ჩვენი ქვეყნის სახელით შეტანილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის პასუხად, შესაბამისი კითხვარის სწრაფ მიწოდებაში. უაღრესად დამაიმედებელია, რომ ევროკავშირმა აჩვენა პოლიტიკური ნება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის შესაბამისი განხილვის პროცედურის დაჩქარების საკითხში. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენი მრავალი უთანხმოების მიუხედავად, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია, ჩვენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“, - წერენ ოპოზიციის წარმომადგენლები წერილში.

მათივე თქმით, ამ კონკრეტულ კომუნიკაციაში ისინი ყურადღებას არ ამახვილებენ ყველა იმ გადაუჭრელ საკითხზე, რომელიც დგას ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის კუთხით. „ჩვენ არაერთხელ მოგმართეთ ამ შეშფოთებით როგორც თქვენ, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებს. თუმცა ცხადია, რომ არსებითი რეფორმების გარეშე, საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების რთულ გზაზე ძნელი იქნება.

ამის გათვალისწინებით და ასევე, შესაბამისი აღმასრულებელი უწყებების მიერ ევროკავშირის კითხვარზე პასუხის მომზადების პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობის გასაძლიერებლად, ჩვენ მოვითხოვეთ მთავრობას გადმოეცა კითხვარი საზოგადოებისთვის, როგორც ხალხის, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის და დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესის გათვალისწინებით. აქამდე მთავრობა თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება.

ჩვენ გვესმის, რომ ევროკავშირის ინფორმირების შემდეგ მიმღებ მხარეს ე.ი. საქართველოს მთავრობას აქვს დისკრეცია, ევროკავშირის კითხვარი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდეს. ჩვენ ვითხოვთ თქვენს დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში. თუ ევროკავშირის რომელიმე პროცედურული წესი ხელს უშლის მთავრობას აღნიშნულის გაკეთებაში, ჩვენ ასევე მადლობელი ვიქნებით ინფორმირებულები ვიყოთ ამის შესახებ“, - წერია წერილში.

წერილს ხელს აწერენ დამოუკიდებელი დეპუტატები არმაზ ახვლედიანი და თამარ კორძაია; ასევე, თეონა აქუბარდია („სტრატეგია აღმაშენებელი“); ანა ბუჩუკური (დეპუტატი „საქართველოსთვის“); ხატია დეკანოიძე (დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“); ანა ნაცვლიშვილი, (დეპუტატი, „ლელო საქართველოსთვის“); სალომე სამადაშვილი (დეპუტატი, „ლელო საქართველოსთვის“) და ხათუნა სამნიძე რესპუბლიკური პარტიის დეპუტატი.