მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება - "უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე"

5fa118190d146
BM.GE
03.11.20 12:40
1010
ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და აპირებენ გადადგან ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი ნაბიჯი, რომ “დე იურე” და “დე ფაქტო” არ შევიდნენ პარლამენტში.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის და დაშინების, სუსის და კრიმინალური სამყაროს კოორდინირებული ზეწოლის, მასშტაბური მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის ნებაზე ძალადობით გავლენის მოხდენის პირობებში. ამას თან დაერთო საარჩევნო ოქმებით მანიპულაცია და კარუსელი, რამაც მნიშვნელოვნად დაამახინჯა არჩევნების შედეგები. ცესკოს მიერ გამოქვეყნებულმა საბოლოო შედეგებმა არ ასახა საქართველოს მოქალაქეების ნება.

ჩვენთვის, ოპოზიციური პარტიებისთვის სრულიად ნათელია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უარი უთხრეს ივანიშვილის მმართველობას და არ მისცეს მას მესამე ვადით ქვეყნის მართვის მანდატი. შესაბამისად, ეს პარლამენტი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას.

ამიტომ, ჩვენ ოპოზიციური პარტიები, რომელთაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ “დე იურე” და “დე ფაქტო” არ შევიდეთ ამ ე.წ. პარლამენტში. ჩვენ არ მივიჩნევთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, რადგან ის არის უკანონო ქმედებების შედეგად არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას. ამ გადაწყვეტილებას სრულად იზიარებენ ქვემორე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ვერ მოხვდნენ პარლამენტში.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის უკეთესი დემოკრატიული მომავლისთვის.

დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნა არის ამ არჩევნების შედეგების გაუქმება, განმეორებითი არჩევნების ჩატარება და ყველა იმ დარღვევის სისტემური აღმოფხვრა, ცესკოს დაკომპლექტების წესის ჩათვლით, რამაც გამოიწვია ამ არჩევნების სისტემური გაყალბება.“