11.ივნისი .2021 00:00

ოქროს მომპოვებელმა Empire Metals-მა "გაუარესებული მდგომარეობის" გამო საქართველო დატოვა

ოქროს მომპოვებელმა Empire Metals-მა "გაუარესებული მდგომარეობის" გამო საქართველო დატოვა
views 927
უკან

ბრიტანულმა კომპანია Empire Metals-მა, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული საქართველოში ოქროსა და სპილენძის მოპოვება-ძიების სფეროში იყო ჩართული, ქვეყნიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მათ სს “ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდის” მშობელ კომპანია, GMC Investment limited-ში 50%-იანი წილი გაყიდეს. გარიგების ღირებულებამ $3.3 მილიონი შეადგინა. Empire Metals-ის ვებგვერდის თანახმად, “ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდში” 50%-იანი წილი “კავკასიის სამთო ჯგუფმა” შეიძინა, რომელიც გარიგებამდე ასევე 50%-იან წილს ფლობდა, შესაბამისად, ის “ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდის” 100%-ის მესაკუთრე გახდა.

Empire Metals-ის ვებგვერდის თანახმად, მათ მიერ ქართული ბიზნესის გაყიდვის მიზეზი “არასახარბიელო გარემო” გახდა, რის გამოც, ფირმამ დაგეგმილი პროექტების განხორციელება ვერ შეძლო.

“2015 წელს საქართველოში შემოსვლის და 2 წლის განმავლობაში წარმატებული ოპერირების შედეგად, ჩვენ განვითარების კარგი საფუძველი შევქმენით. თუმცა, 2018 წლის შუა პერიოდიდან, კომპანიის მიმართ გარე ფაქტორები გაუარესდა. ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, გამოწვევების გამკლავება ვერ შევძელით, შესაბამისად ამჟამად აშკარაა, რომ საქართველოში ჩვენ კომპანიას მდგრადი ბიზნეს საქმიანობის გაგრძელება აღარ შეუძლია. ამასთანავე, იმის მიუხედავად, რომ კომპანიამ გაასაჩივრა საქართველოს წიაღისეულის მარეგულირებლის გადაწყვეტილება, რომლითაც სალიცენზიო არეალის შემცირება მოხდა, თუმცა ამ მხრივ სარჩელის დაკმაყოფილების მცირე იმედი არსებობს,”- აცხადებს Empire Metals-ის გენერალური დირექტორი მაიკ სთრუთჰესი.

კომპანიის ინფორმაციით, “ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდის” რეალიზაციით მიღებული $3.3 მილიონით ავსტრალიაში განაგრძობენ საქმიანობას.

თავად “ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდი”, რომლის 100%-იან წილს უკვე “კავკასიის სამთო ჯუფი” ფლობს, ფერადი ლითონების მოპოვების 30-წლიანი სალიცენზიო უფლების მფლობელია. კომპანიის სალიცენზიო ტერიტორია ბოლნისის რაიონის იმ მონაკვეთში მდებარეობს, რომელშიც აქტიური მოპოვებითი სამუშაოები არ განხორციელებულა. საკონცესიო უფლების არეალი 860 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, სადაც ოქროს, სპილენძისა და სხვა მეტალების მადნებია.

Empire Metals-ი “ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდში” წილის გაყიდვას 2020 წელსაც გეგმავდა, რისთვისაც გასული წლის ოქტომბერში შეთანხმება კანადურ კომპანია Candelaria-სთან გააფორმა. მაშინ გარიგების ღირებულებად 4.1 მილიონი გირვანქა სტერლინგი დასახელდა, თუმცა საბოლოოდ გარიგება არ შედგა.

ბიზნესრეესტრის მონაცემებით, სააქციო საზოგადოება “ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდი” 2015 წლის 18 სექტემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის გენერალური დირექტორი 2016 წლის 18 ნოემბრამდე პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის ყოფილი და პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე, კახა კუჭავა იყო.

ბიზნესრეესტრის მონაცემებით, სს "ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრია კახაბერ მჭედლიშვილი, რომელიც ამავდროულად, RMG ჯგუფის კორპორაციული დირექტორია, რაც "ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდსა” და RMG ჰოლდინგს შორის კავშირის არსებობაზე მიანიშნებს. ამასთანავე, კომპანიის ამჟამინდელი 100%-იანი წილის მფლობელი კომპანიის "კავკასიის სამთო ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მილიარდერი დიმიტრი კორჟევი RMG ჰოლდინგის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 

თავის მხრივ RMG ჰოლდინგი საქართველოში ოქროსა და სპილენძის უმსხვილესი მომპოვებელია. 2019 წელს RMG Copper-ის შემოსავალი 325 მილიონი ლარი, RMG Gold-ის შემოსავალი კი 238 მილიონი ლარი იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა