15.ივნისი .2021 14:26

„ოქროს სია“ არ იყო სწორი მოდელი და იყო გასაუქმებელი“, - კაკაურიძის პასუხი გიგლა მიქაუტაძეს

„ოქროს სია“ არ იყო სწორი მოდელი და იყო გასაუქმებელი“, - კაკაურიძის პასუხი  გიგლა მიქაუტაძეს
views 678
უკან

"ოქროს სიის" გაუქმება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო", - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარტია "ლელოს" წევრ გიგლა მიქაუტაძის შესაბამის კითხვას.

გიგლა მიქაუტაძის თქმით, ფინანსთა სამინისტროს მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ გაამარტივოს ბიზნესის კეთება ქვეყანაში და ამ კუთხით დადებითი ნაბიჯები გადაიდგას, თუმცა ბოლო დროს ტენდენციაა, რომ თუკი რომელიმე კომპანია არასწორად იქცევა, მთლიანად გადასახადის გადამხდელთა მდგომარეობა უარესდება.

"თქვენ უნდა გაამარტივოთ ბიზნესის საქმიანობა და არ უნდა გაართულოთ ის; ერთ-ერთ მაგალითად დაგისახელებთ "ოქროს სიის" გაუქმებას", - მიმართა მიქაუტაძემ გიორგი კაკაურიძეს.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ უპასუხა, რომ "არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს იმპორტზე ისეთი შეღავათები, როგორი შეღავათებიც საქართველოში იყო".

„ბევრს შეიძლება კიდევ არ მოეწონოს ეს განცხადება, მაგრამ „ოქროს სიის“ გაუქმება იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს იმპორტზე ისეთი შეღავათები როგორი შეღავათებიც საქართველოში იყო - იმპორტი იყო გაცილებით უკეთეს პირობებში, ვიდრე ადგილობრივი წარმოება, რაც არ არის სწორი პოლიტიკა. იმპორტზე ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადი. შეიძლება შეღავათი იყოს პროცედურების ნაწილში და მაგალითად კომპანიებს, რომლებიც მაღალი სანდოობით სარგებლობენ, ჰქონდეთ პროცედურული შეღავათი, თუმცა თანხის გადახდასთან დაკავშირებით, შეღავათი არ არსებობს არც ერთ ქვეყანაში, ამიტომ, „ოქროს სია“ არ იყო სწორი მოდელი და იყო გასაუქმებელი.

ადმინისტრირების კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარების საშუალება მოიტანა იმან, რომ „ოქროს სია“ აღარ გავქვს. კიდევ ვიმეორებ, ამ საკითხში შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მათ შორის, ბევრი იმპორტიორი, თუმცა ქვეყნის ეკონომიკისთვის და ასევე, ფისკალურად ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

ინფორმაციისთვის: ფინანსთა ყოფილი მინისტრის ივანე მაჭავარიანის მიერ ხელმოწერილი ბრძანებით, ე.წ. ოქროს სიის შეღავათები 2019 წლიდან გაუქმდა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა