მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში ქუთაისის აეროპორტიდან 168 რეისი შესრულდება - როგორია აღდგენის დინამიკა?

615d8d70eab7b
ვიქტორია მღებრიშვილი
06.10.21 15:33
768
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების შეფასებით, პანდემიის პირობებში, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.

მათივე ცნობით, სექტემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 48% აღდგა და 2021 წლის სექტემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 43 926 მგზავრს მოემსახურა. (2019 სექტემბერი - 91 713 მგზავრი).

აეროპორტების გაერთიანებაში ამბობენ, რომ მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც დადებითი დინამიკაა. სექტემბერში, აეროპორტში რეისების 64% აღდგა და 192 რეისს მოემსახურა ( 2019 სექტემბერი - 302 რეისი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 20 მიმართულებით ოპერირებს.

„დღეის მდგომარეობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამი ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ რეისებს 20 მიმართულებით ასრულებს, მათ შორის ყაზახეთის 4 და ევროპის 15 მიმართულებით. სექტემბერში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 163 პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა.

31 ოქტომბრიდან კი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი Wizz Air პირდაპირ ფრენებს ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით აღადგენს. ეს იქნება ერთადერთი პირდაპირი მიმართულება, რომლითაც საქართველო ესპანეთის სამეფოს დაუკავშირდება“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 121 რეგულარული რეისი, აზიის მიმართულებით კი 47 რეგულარული რეისი შესრულდება.