მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში სასტუმროების ფასების ინდექსი შემცირდა

637f77d01ff55
მარიამ ვარადაშვილი
24.11.22 23:00
558

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ოქტომბერში საქართველოში სასტუმროების ინდექსი სექტემბერთან შედარებით 7.6%-ით შემცირდა. მათ შორის 3,4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 9.2%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 7.7%-ით არის შემცირებული.

2022 წლის ოქტომბერში, 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 13.2%-ით გაიზარდა, მათ შორის 3,4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 9.7%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 40.3%-ით გაიზარდა. წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო შიდა ქართლსა (51.1%) და გურიაში (26.5%), ყველაზე ნაკლები კი ქვემო ქართლში (4.9%).

მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში 3- ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 163 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 255 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი კი 121 ლარი იყო.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ოქტომბერში 428 ლარი შეადგინა. კახეთში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 570 ლარი იყო, თბილისში - 564 ლარი, გურიაში - 531, ხოლო აჭარაში - 378.

შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად. სასტუმროების შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3*, 4*, 5* სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%-ს (456 ობიექტი).

3*, 4* და 5* სასტუმროების ფასებზე მონაცემების მიღება ხდება სასტუმროებთან დაკავშირების საფუძველზე, ხოლო საოჯახო სასტუმროების ფასებზე ინფორმაციის წყარო booking.com-ია. საშუალო ფასები გამოითვლება სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების დღიური განაკვეთების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.