14.სექტემბერი .2022 00:55

ORACLE-ის კვარტალური შედეგები ცნობილია - ღირს ტექნოლოგიურ კომპანიაში ინვესტირება?

ORACLE-ის კვარტალური შედეგები ცნობილია -  ღირს ტექნოლოგიურ კომპანიაში ინვესტირება?
views 465
უკან

Oracle Corporation ერთ-ერთი უდიდესი ბრენდია, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის (Software) ინდუსტრიაშია წარმოდგენილი.

მიუხედავად იმისა, რომ მის უშუალო კონკურენტად გლობალური ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft გვევლინება, Oracle-ის პროდუქტები მონაცემთა ბაზების მართვის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

მის პროდუქციებს შორისაა: მონაცემთა ბაზები MYSQL, ადამიანური რესურსების მართვის პროგრამა (HCM), მომხმარებლებთან ურთიერთობის პროგრამა (CRM), მიწოდების ჯაჭვის მართვის პროგრამა (SCM) და მრავალი სხვა.

კომპანიამ 12 სექტემბერს კვარტალური შედეგები წარადგინა. ამ კვარტლის მონაცემებით Oracle-მა დაახლოებით 11.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი გამოიმუშავა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით18%-ით მეტია. ამ შემოსავლის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 73% ქლაუდ სერვისებსა და სალიცენზიო მხარდაჭერაზე მოდის. შემოსავალი ამ ჭრილში თავის მხრივ წინა წელთან შედარებით 14%-ით არის გაზრდილი. 

რაც შეეხება წმინდა მოგებას, ამ კვარტალში კომპანიამ 1.54 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რაც 37%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან ამ დროს გამოქვეყნებულ კვარტალურ ანგარიშგებაში კომპანიის წმინდა მოგების გრაფაში 2.45 მილიარდი დოლარი ფიქსირდებოდა.

შემოსავლის ზრდის პარალელურად, წმინდა მოგების შემცირება იმის მანიშნებელია, რომ კომპანიას მოცემულ პერიოდში ხარჯები გაეზარდა. როგორც ფინანსურ ანგარიშგებაშია წარმოდგენილი Oracle-ის გასავალი გაიზარდა საოპერაციო ხარჯების, კერძოდ: პროდუქციის თვითღირებულების, კვლევისა და განვითარების, ცვეთისა და ამორტიზაციის, რესტრუქტურიზაციისა და ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში.

გარდა ამისა, კომპანიის ლიკვიდურობაც შემცირებულია. თუკი გასული წლის ანალოგიური პერიოდისთვის Oracle-ს განკარგულებაში არსებული ნაღდი ფულადი რესურსები და მისი ეკვივალენტები დაახლოებით 21.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა, დღეის მონაცემებით ეს რიცხვი 10.45 მილიარდს უტოლდება. ამავდროულად გაზრდილია მიმდინარე ვალდებულებებიც. ამჟამად მისი ოდენობა დაახლოებით 35 მილიარდი დოლარია, რაც 80%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მიუხედავად გაზრდილი ხარჯებისა და შემცირებული წმინდა მოგებისა, კომპანიის CEO ოპტიმისტურად იყო განწყობილი: „Oracle-ს ორი ახალი ქლაუდ ბიზნესი, IaaS და SaaS გამოიმუშავებენ ჩვენი მთლიანი შემოსავლის 25%-ზე მეტს - წლიური 10 მილიარდი დოლარით. IaaS და SaaS კომპანიის ყველაზე სწრაფად მზარდი და ყველაზე მაღალი მარჟის ახალი ბიზნესებია. თუ ეს ორი ქლაუდ ბიზნესი განაგრძობს ზრდას, ისინი ხელს შეუწყობენ ჩვენი მთლიანი მოგების მარჟის გაფართოებას“.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულმა კვარტალურმა შედეგებმა ინვესტორებს შორის არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია, უნდა ითქვას რომ განსაკუთრებული გავლენა მას აქციის ფასებზე არ მოუხდენია. ახლანდელი მონაცემებით კომპანიის ერთი აქციის შეძენა საფონდო ბირჟაზე დაახლოებით 77 დოლარად შეგიძლიათ.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Oracle და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა