23.ივნისი .2021 21:50

ორგანიზაცია, რომელიც ისრაელს და პალესტინას ბიზნეს-პარტნიორებად აქცევს

ორგანიზაცია, რომელიც ისრაელს და პალესტინას ბიზნეს-პარტნიორებად აქცევს
views 268
უკან

ისრაელსა და პალესტინას შორის საომარი ვითარებების დასრულებასა და ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებას ორი მეწარმე, აბინ ბანდაკი და ნოამ ალონი, ტექნოლოგიებისა და სპეციალური არაკომერციული ორგანიზაცია Tech2Peace-ის დახმარებით ცდილობენ. ამის შესახებ რუსული Forbes-ი წერს. 

გამოცემის მიხედვით, მეწარმეები ახალგაზრდებს ისრაელიდან და პალესტინიდან ასწავლიან მაღალ ტექნოლოგიებთან მუშაობას, იმისათვის, რომ შექმნან სტარტაპები, გაიცნონ ერთმანეთი და დაიწყონ თანამშრომლობა/კომუნიკაცია. ამ გზით ორივე მხარე ეცდება კონფლიქტის გადაჭრას და მშვიდობიან თანაცხოვრებას.

თავად პროექტი, Tech2Peace კი, 2017 წელს დაარსდა და თუკი თავიდან მისი ეგიდით, მოხალისეები უბრალოდ სემინარებს ატარებდნენ, ახლა მკაფიოდ და მკაცრად არის გაწერილი ერთწლიანი სამოქმედო პროგრამა, რომელიც მშვიდობასა და ურთიერთობის დალაგებაზეა ორიენტირებული. დღეისთვის პროგრამა 200-მდე ახალგაზრდამ უკვე გაიარა, თუმცა, დაინტერესება მზარდია, რაც იძლევა იმედს, რომ ადრე თუ გვიან, ორ მხარეს შორის ყველაფერი დალაგდება.

პროექტის ორგანიზატორების თქმით, მარტივი არ არის ისრაელში შეტაკებებისა და ღაზას სექტორში არსებული ვითარების ფონზე, კომუნიკაცია და საუბარი ტექნოლოგიებზე, სოციალურ მედიაზე, პროპაგანდისტულ მესიჯებსა და სხვა რიგ გამოწვევებზე, თუმცა მათ ეს მოახერხეს და მძიმე ვითარებაშიც კი ორივე მხარე იკრიბებოდა ონალინ სივრცეში და საუბრობდა. ისინი განიხილავდნენ და კონსესუსამდეც მიდიოდნენ. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი პერიოდი 2021 წლის მაისი იყო, როდესაც Tech2Peace-ის კურსდამთავრებულებს, ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, ამ დროს კი ისრაელსა და პალესტინას შორის ვითარება დაიძაბა. შედეგად, ღაზას სექტორში მომხდარ შეტაკებებს თითქმის 250 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო თავად ღაზას სექტორის ნაწილი მთლიანად განადგურდა.

ფაქტია ისიც, რომ შეიძლება წლები დასჭირდეს ერთმანეთის მიმართ პროპაგანდისტული მესიჯებისა და ინფორმაციის გავრცელების აღმოფხვრასა და კონტროლს, თუმცა სამშვიდობო სემინარების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, უკვე პირველი გადადგმული ნაბიჯია პროგრესისკენ, მშვიდობისა და კონფლიქტის მოგვარებისკენ. როგორც პროექტის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი აბინ ბანდაკი იხსენებს, სანამ ნიდერლანდებში მსგავს სამშვიდობო სემინარებზე დაიწყებდა სიარულს, მანამდე ფიქრობდა და ხმამაღლაც საუბრობდა, რომ ისრაელის ხელები სისხლში იყო ამოსვრილი, თუმცა სემინარის შემდეგ უფრო რაციონალურად დაიწყო ფიქრი და ემოციების მართვა. მიხვდა რომ ასე საქმეს არაფერი ეშველებოდა და ამიტომ სწორი ინფორმაციის მიღებაში გადაწყვიტა სხვებსაც დახმარებოდა. შეისწავლა ისრაელის საზოგადოება და მისი პოლიტიკური ელიტა. დაინახა ის ასპექტები და ელემენტები, რასაც აქამდე არ აქცევდა ყურადღებას. დაიწყო საუბრები ადამიანებთან და კონფლიქტის მეორე მხარის წარმომადგენლების გაგება და აღქმა დაიწყო. ბანდაკს რამდენიმე წელი დასჭირდა ისრაელის მიმართ დამოკიდებულების შესაცვლელად, მაგრამ ამბობს, რომ ეს ღირდა.

ახლა კი ცდილობს ეს ცოდნა სხვებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს გაუზიაროს და ამ მიზანს ემსახურება ახლა პროექტიც, რომელიც გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ პროგრამის მონაწილეებმა ურთიერთგაგებას და მშვიდობას მიაღიონ. ასე რომ პროექტში ჩართული ადამიანები ადრე თუ გვიან აუცილებლად დაიწყებენ სტარტაპს, იმ ადამიანებთან, რომლებიც ოდესღაც მათი მტრები იყვნენ.