05.დეკემბერი .2021 22:00

ორგანული ღვინო, სასტუმრო და საცხენოსნო მოედანი - "შატო მუხრანის" გეგმები

ორგანული ღვინო, სასტუმრო და საცხენოსნო მოედანი - "შატო მუხრანის" გეგმები
views 608
უკან

„შატო მუხრანმა“ მსოფლიოს 100 საუკეთესო ვენახს შორის 58-ე ადგილი დაიკავა. ეს კომპანიისთვის პირველი საერთაშორისო აღიარება არ არის. როგორც გადაცემა „Forbes კვირაში“ „შატო მუხრანის“ გენერალურმა დირექტორმა და მთავარმა მეღვინემ, პატრიკ ჰონეფმა განაცხადა, კომპანია განვითარებას განაგრძობს და ახალ მიზნებსაც ისახავს. მისივე თქმით, მომავალ წელს „შატო მუხრანი“ ოფიციალურად პირველ ორგანულ ღვინოებს გამოუშვებს.

„გვაქვს საკუთარი ვენახი, რომელიც 100%-ით ორგანულია. ეს იშვიათობაა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ღვინის ბიზნესის გარდა, 2011 წლიდან ძალიან წარმატებული ვართ სტუმარმასპინძლობის ბიზნესში. ბევრი ჯილდო გვაქვს მონიჭებული განსაკუთრებული ღვინის ხარისხისთვის. ასე რომ, დიახ, ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ შეგვიძლია ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ სხვა უამრავ ლამაზ, ცნობილ მარნებს.

მე ვიტყოდი, რომ დღეს ჩვენ მივაღწიეთ პროექტული მიზნების დაახლოებით 50%-ს. სასახლის განახლებას წელს დავასრულებთ. ეს ჩვენთვის დიდი ეტაპია. მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი ძალიან ამბიციური პროექტი. ჩვენ მასზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, მომდევნო ორწელიწადნახევარში ამ პროექტის დასასრულებლად კიდევ ბევრ ნაბიჯს გადავდგამთ წინ“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, პირველი გეგმა მუდმივი გაუმჯობესებაა. „ორიენტირებული ვართ კლიენტის მომსახურების ხარისხზე, ღვინის ხარისხსა და სტუმარმასპინძლობის სერვისის განვითარებაზე. ვფიქრობ, ჩვენთვის ახალი დიდი ნაბიჯი იქნება, როდესაც დავიწყებთ მუშაობას სასახლის შიგნით. ძალიან მაღალი მასშტაბის, მაღალი დონის ღონისძიებების ჩატარების საშუალება მოგვეცემა. ჩვენ შევქმნით ახალ ადგილებს, რათა შევძლოთ უფრო დიდი ღონისძიებების მასპინძლობა. ამაზე დიდი მოთხოვნაა“, - განმარტა „შატო მუხრანის“ გენერალურმა დირექტორმა და დასძინა, რომ კომპანია მომავალ წელს პატარა სასტუმროს აშენებასაც აპირებს, რადგან ამაზე დიდი მოთხოვნაა.

„იმედი მაქვს, რომ სხვა ადამიანები ჩვენს რეგიონში უფრო მეტ სასტუმროს განავითარებენ. ჩვენ შეგვეძლება მათთან ვითანამშრომლოთ. ჩვენ ვმუშაობთ ერთგვარი საექსპოზიციო ცენტრისა და ვიზიტორთა ცენტრის შექმნაზე, სადაც გამოფენების და ექსპოზიციების გაკეთება შეგვეძლება. გარდა ამისა, ავაშენებთ ადგილს, სადაც პროფესიონალური ღვინის მაღაზია და ბუტიკი იქნება. ჩვენ გვაქვს გარკვეული კოლექციები, რომელთა ჩვენებაც გვინდა და ასევე სხვა პროექტები. მაგალითად: დიდი საცხენოსნო მოედანი“, - აღნიშნა პატრიკ ჰონეფმა.

ცნობისთვის, „შატო მუხრანში“ ღვინის დაყენების ისტორია 1878 წლიდან იწყება, როცა პირველი მოსავალი მიიღეს. თავადმა ივანე ბაგრატიონმა ღვინის დაყენების ხელოვნება საფრანგეთის ბორდოსა და შამპანის რეგიონებში შეისწავლა. საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ კი გადაწყვიტა, შატოს კონცეფცია საქართველოში დაენერგა. დღეს „შატო მუხრანი“ მე-19 საუკუნის სასახლით, რესტორნით, ბაღებით და მდიდრული ვენახებით საქართველოს ისტორიას თანამედროვე ღვინის ტურიზმთან და სტუმართმოყვარეობასთან აერთიანებს.