მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორი ფაქტორი, რაც მეტი ინვესტიციის მოსაზიდად არის საჭირო - არჩილ გაჩეჩილაძის მოსაზრება

5daffe70e4846
თელარა გელანტია
23.10.19 11:15
937
დამოუკიდებელი სასამართლო და განჭვრეტადი რეგულაციები - ეს ის ორი ძირითადი ფაქტორია, რომელიც „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის აზრით, ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად მნიშვნელოვანია.

როგორც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ გაჩეჩილაძემ bm.ge-ის შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ბიზნეს-გარემო უნდა იყოს განჭვრეტადი.

„ბიზნესმა უნდა იცოდეს, შემდეგი წლების განმავლობაში რას უნდა ელოდოს რეგულაციების კუთხით. როგორიც არ უნდა იყოს რეგულაცია, თუ ბიზნესმა იცის წინასწარ, რა თქმა უნდა, მოერგება. ინვესტორებს უნდა ესმოდეთ ამა თუ იმ სფეროში რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ კანონმდებლობის კუთხით“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, არჩილ გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ სასამართლო აუცილებლად დამოუკიდებელი უნდა იყოს და თან შედარებით სწრაფი.

„არის სასამართლო პროცესები, რომელიც მრავალი წელი იწელება. ორი წელი უკვე აღარ გვიკვირს, ოთხი, ხუთი, ექვსი წელი იწელება ზოგიერთი პროცესი და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

გარდა ამისა, „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ეს ფორუმი ხელს უწყობს რეგიონალურ დისკუსიას და მათ შორის ლოგისტიკურ ჰარმონიზაციას, რათა სხვადასხვა ქვეყნებმა ტრანსპორტირების სწრაფი გზები შეათანხმონ.

„მაგალითად, გუშინ უზბეკეთის წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ უზბეკეთისთვის ყველაზე ახლოს არის ფოთის პორტი. იმისთვის, რომ უზბეკური საქონელი მოხვდეს ჩვენს პორტებში, საჭიროა, ამ გზაზე რა ქვეყნებიცააა, მათ შორის მოხდეს სატრანსპორტო ტარიფების, ჰარმონიზაცია და კოორდინაცია, რომ ტრანსპორტის სხვა ალტერნატიულ სახეობებს შეეჯიბროს“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღე უკვე დაიწყო. დისკუსიის ძირითადი თემაა - „ინვესტირება წარმატებისთვის“. პანელზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაა.