20.იანვარი .2022 16:50

ორი გამოსავალი ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების პირობებში

ორი გამოსავალი ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების პირობებში
views 838
უკან

2021 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 13%-ით გაიზარდა და 13 მილიარდ 753 მილიონ კილოვატსაათს გადააჭარბა. ამის შესახებ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებიდან ირკვევა, რომელმაც გასული წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის პროგნოზს, ეს მაჩვენებელი ეკონომიკის სამინისტრომ დააზუსტა, რომლის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 4%-ით გაიზრდება და 14 მლრდ 312.3 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწევს.

აღნიშნული მოთხოვნის დაფარვას სახელმწიფო ადგილობრივი და იმპორტირებული რესურსით გეგმავს. ესკო-ს ინფორმაციით, 2021 წელს ელექტროენერგიის გამომუშავება 13.3%-ით გაიზარდა და 12 მლრდ 645 მლნ კვტ/სთ შეადგინა, წელს კი მთავრობა 2%-იან ზრდას (12 მლრდ 918.3 მლნ კვტ/სთ) ელოდება.

აღნიშნული მაჩვენებლები BMG-სთან საუბრისას ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა ირინა მილორავამ შეაფასა და იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც საქართველოში ელექტროენეგიაზე მზარდი მოთხოვნის დასაფარად არის გადასადგმელი.

"ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა გარდაუვალია. ამას აჩვენებს ტრენდი, თუ არ გავითვალისწინებთ იმ ჩავარდნას, რომელიც განპირობებული იყო პანადემიით. ეს ტრენდი მუდმივად არის შენარჩუნებული, ის არის ზრდადი და დაახლოებით, არის 5%-ის ფარგლებში. ეს ტრენდი, არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება და რა უნდა იყოს ჩვენი პასუხი? - მე მგონია, რომ ჩვენი პასუხი არის ორი მიმართულებით – ერთი, ეს არის ადგილობრივი გენერაციის განვითარება, ერთმნიშვნელოვნად, რადგან მოხმარების ზრდა გენერაციის განვითარების გარეშე ნიშნავს იმპორტის მოცულობის ზრდას, რაც თავის მხრივ, ჩვენი ქვეყნის იმპორტდამოკიდებულების ზრდას ნიშნავს, რაც ძალიან ცუდია ამ ქვეყნისთვის.

მეორეა მექანიზმია ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზარი, რომელიც ძალიან კარგია იმისთვის, რომ მოხმარება პროგნოზირებულად გაიზარდოს, რადგან მომხმარებული მოიხმარს დღის ნებისმიერ მონაკვეთში ელექტროენერგიას, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მონაკვეთში გადაიტანს ელექტროენრგიის დატვირთვას. საბოლოო ჯამში, ამ ბაზარმა რა უნდა გააკეთოს? - მომხმარებელი უფრო აქტიური უნდა გახადოს ანუ ის ელექტროენერგიას დროის იმ მონაკვეთში მოიხმარს, რომელიც ამ სისტემისთვის არ არის პრობლემატური, სადაც დაბალი ფასია. ამდენად, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდაზე მეორე პასუხი უნდა იყოს ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანა და საათობრივ ვაჭრობაზე გადასვლა", – მიიჩნევს ირინა მილორავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება 1 მარტიდან იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა