მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ორივე ვარიანტი გაკოტრებას ნიშნავს” - ტურისტული კომპანიის მოლოდინები

5f4363b12b488
მარიამ ადამია
24.08.20 13:52
1456
„ბათუმში, შიდა ტურიზმის მაჩვენებელი, დაახლოებით, იგივეა, როგორც გასულ წლებში. დატვირთულია შედარებით მაღალი კლასის სასტუმროების ნაწილი, ხოლო საშუალო ან უფრო დაბალი კატეგორიის სასტუმროები - ნაკლებად”, - ამის შესახებ BM.ge-ის ტურისტული კომპანია Wonderland-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ქეთი დოჭვირმა სეზონის შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, ტურისტების რაოდენობაზე მეტად, წელს დასვენების სპეციფიკაა შეცვლილი.

„ადრე უფრო პოპულარული იყო შაბათ-კვირის ვიზიტები, ახლა კი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი დასვენების პერიოდი. რაც შეეხება ჩვენს კომპანიას, ამ მხრივ გარკვეული აქტივობა გვაქვს მაგრამ ეს არის, დაახლოებით, 5% იმ მასშტაბთან შედარებით, რაც დაგეგმილი გვქონდა. ამჟამად, მთელი სექტორი სრული გაურკვევლობის და მოლოდინის რეჟიმშია.
ჩემი აზრით, ფრენები მინიმუმ შემდეგი წლის გაზაფხულამდე არ აღდგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ტურისტული კომპანიებიც დაიკეტება, რომლებიც ჯერ კიდევ აგრძელებენ მუშაობას. ასევე, ზაფხულის დასრულებისთანავე მუშაობას შეწყვეტს ყველა სასტუმრო, რომელზეც მოთხოვნა აღარ იქნება, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ იქ დასაქმებული უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩება”, - ამბობს ტურისტული კომპანია „wonderland”-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი. 

ქეთი დოჭვირის თქმით, ტურისტული კომპანიები ამ ეტაპზე დილემის წინაშე დგანან - გააგრძელონ თანამშრომლების შენარჩუნება გაურკვეველი ვადით თუ შეწყვიტონ ფუნქციონირება და ასევე, გაურკვეველი ვადით დაიხურონ.

„ორივე ვარიანტი, ფაქტობრივად, გაკოტრებას ნიშნავს, რადგანაც არსებობს უამრავი ფინანსური ვალდებულება. ამ სიტუაციიდან არსებობს მხოლოდ ორი გამოსავალი: ავიარეისების აღდგენა, საზღვრების გახსნა კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მქონე ქვეყნებთან და საზღვარზე უფასო ტესტირების დანერგვა ან კომპანიებისთვის მაქსიმალურად დაბალბიუჯეტიანი სესხების გაცემა 1 ან 2 წლიანი საშეღავათო პერიოდით. როგორც კი რეისები აღდგება, კომპანიებს მაშინვე გაუჩნდებათ მინიმალური საარსებო რესურსი და მომავალ ზაფხულამდე თანამშომლების შენარჩუნების შესაძლებლობა, მანამდე კი, სამწუხაროდ, მუშაობის გაგრძელება შეუძლებელი ხდება”, - აღნიშნა ქეთი დოჭვირმა.

ცნობისთვის: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2020 წლის ივლისში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების 45,842 ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 94.8%-ით ნაკლებია.
ამასთან, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 44 027 ვიზიტი (96%) კაცებმა განახორციელეს, ხოლო ქალებმა - 1 815 ვიზიტი (4%). სავარაუდოდ, წელს გენდერულ ჭრილში ვიზიტორების ასეთი მკვეთრი დისბალანსი გამოწვეულია იმით, რომ ვიზიტორების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყანაში ისეთი ტექნიკური მიზეზით შემოვიდა, როგორიც სატვირთო გადაზიდვის განხორციელებაა, ხოლო სატვირთო მანქანების მძღოლთა უდიდესი ნაწილი კი კაცია.