26.მარტი .2020 23:45

„ორჯერ ორი ოთხივით ნათელია, რომ საპენსიო შენატანების განხორციელება უნდა შეჩერდეს“

views 1308
უკან

„შოკია აბსოლუტური და რა დროს საპენსიო დანაზოგია, არაა მაგის დრო“, - ასე უპასუხა ბიზნესმენმა, „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა bm.ge-ის კითხვას - უნდა შეჩერდეს თუ არა დროებით საპენსიო ფონდში შენატანების განხორციელება.

„ორჯერ ორი ოთხივით ნათელია, რომ საპენსიო შენატანების განხორციელება უნდა შეჩერდეს სანამ გადაივლის კრიზისი. ასობით ათასი ადამიანი უმუშევარი რჩება. სამწუხაროდ, ჩვენს ჯგუფს უკვე მოუწია მეოთხე ობიექტის დახურვა. დაახლოებით, 300 მოქალაქეს შევუჩერეთ ხელფასები და ვფიქრობთ, რა მოვუხერხოთ. 10% მივცეთ ხელფასის? იქნებ 20%? გარკვეულ სამუშაო საათები მივცეთ? არ ვიცი... შოკია აბსოლუტური და რა დროს საპენსიო დანაზოგია, არაა მაგის დრო“, - ამბობს ბიზნესმენი.

საპენსიო შენატანების დროებით შეჩერების თაობაზე რჩევა საქართველოს მთავრობას უკვე ორმა სოლიდურმა ორგანიზაციამ მისცა. ერთ-ერთი საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ია, რომელმაც კორონავირუსის და გლობალურად ნავთობის ფასების ვარდნისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკის საქართველოზე ზეგავლენის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. უფრო ადრე და იგივე რეკომენდაციით გამოვიდა საქართველოს ექს-პრემიერ ნიკა გილაურის მიერ დაფუძნებული Reformatics-ი. საკონსულტაციო კომპანიის გათვლებით, საპენსიო შენატანების 12 თვით შეჩერება დასაქმებულებს ამ კრიზისულ ვითარებაში 400 მილიონ ლარს, ხოლო ცენტრალურ ბიუჯეტს 200 მილიონ ლარს დაუზოგავს. შენატანების შეჩერების ინიციატივით და სურვილის შემთხვევაში, ფონდის საპენსიო ანგარიშებზე არსებული თანხის მოქალაქეებისთვის დაბრუნების ინიციატივით გამოდის პარტია „ევროპული საქართველოც“.