მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორკვირიანი სასწავლო კურსი EUROCONTROL-ში - პროგრამა წარმატებული სტუდენტებისთვის

5e28524ca7cc4
BM.GE
22.01.20 20:40
859
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) საპილოტე პროგრამაში ერთვება და აცხადებს ქვეყნის შიდა შესარჩევ კონკურსს, ახალგაზრდული საავიაციო ქსელის პროგრამით (YOUNG AVIATION NETWORK (YAN) PROGRAMME) გათვალისწინებულ ორკვირიან სწავლებაზე.

პროგრამა საბაკალავრო საფეხურზე მყოფ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ბრიუსელში EUROCONTROL-ის შტაბ-ბინაში გაიარონ მათზე მორგებული განვითარების ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც მოიცავს სალექციო კურსებს როგორც საექსპლუატაციო და ტექნიკურ საკითხებზე, ისე გაცნობით კურსს საერთაშორისო საავიაციო სფეროს ფუნქციონირების ძირითად ასპექტებზე. კურსი ასევე მოიცავს გასვლით ვიზიტებს Maastricht Upper Area Control-ში (MUAC), EUROCONTROL Experimental Centre-ში (EEC), EUROCONTROL Institute Of Air Navigation Services-ში (IANS)), რომლის ფარგლებშიც, სტუდენტები გაეცნობიან რეალურ საოპერაციო პროცესებს და შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს.

YAN-ის წლევანდელი პროგრამა დაიწყება 2020 წლის 1 ივლისს და გაგრძელდება 2020 წლის 15 ივლისამდე. EUROCONTROL-ი მონაწილეებისთვის უზრუნველყოფს ეკონომ კლასის ავიაბილეთის ანაზღაურებას, განთავსებას ბრიუსელში, სადილის ვაუჩერებს და დღიურ 25 ევროს საღამოს კვებისთვის, ტრანსპორტირებას (ბრიუსელში, საცხოვრებელი ადგილიდან ევროკონტროლამდე) და გასვლითი ვიზიტის ხარჯებს.

პროგრამის თანახმად, მონაწილეების შერჩევა ხორციელდება EUROCONTROL-ის წევრი სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებების დირექტორების (DGCAs) მიერ. საქართველოში შიდა შერჩევის პროცესი წარიმართება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის, EUROCONTROL-ის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის ლევან კარანაძის პატრონაჟით.

პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, საავიაციო ხელისუფლებების დირექტორებს მოეთხოვებათ საბაკალავრო საფეხურის (18-22 წლის) სტუდენტების შერჩევა, რომლებიც გატაცებულები არიან ავიაციით და კარიერულ განვითარებას გეგმავენ ამ სფეროში. კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ მაღალი აკადემიური ქულები, საჭირო პიროვნული/ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები და კარგი რეკომენდაცია. კანდიდატები ასევე თავისუფლად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად). წევრ სახელმწიფოებს ასევე მოეთხოვებათ EUROCONTROL-ის მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის (diversity & inclusion) ინიციატივის გათვალიწინება, რომელიც მიზნად ისახავს მეტი ქალი სპეციალისტების მოზიდვას ავიაციის სფეროში.

სააგენტოს მიერ, კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად: კანდიდატების შერჩევა (short-list) და გასაუბრება.

კანდიდატებმა მიმდინარე წლის 22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით, სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე hrm@gcaa.ge უნდა წარადგინონ CV, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (გასაუბრების ეტაპისთვის შეირჩევიან მხოლოდ მაღალი სარეიტინგო ქულების მქონე კანდიდატები), სამოტივაციო წერილი და სარეკომენდაციო წერილი. სასურველია წარმოდგენილ იქნეს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება (მათ შორის ინგლისურ ენაზე) ჩატარდება არაუგვიანეს 2020 წლის 15 თებერვლისა. დეტალური პირობების ნახვა შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე: http://www.gcaa.ge/geo/news.php?id=6489