მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ორთაჭალის ბულვარის” პროექტის განხორციელება ძვირია, თუმცა მნიშვნელოვანი - გენგეგმის ავტორი

617bf052e47a6
BM.GE
29.10.21 21:44
801
ქალაქმგეგმარებელი და თბილისის გენგეგმის ავტორის მერაბ ბოლქვაძის შეფასებით, სარეკრეაციო სივრცეების მოწყობის კუთხით, თბილისის მერიამ გარკვეული პროექტები განახორციელა, რაც მისასალმებელია.

გადაცემა “ანალიტიკაში” სტუმრობისას მან ასევე თქვა, რომ მართალია, ძვირია, მაგრამ მნიშვნელოვანია, მერიამ მომავალში “ორთაჭალის ბულვარის” პროექტი განახორციელოს.

“საპარკო-სარეკრეაციო სივრცეების განვითარებასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადაიდგა, რაც მისასალმებელია და მოქალაქეებიც გრძნობენ. ერთი მხრივ, ლანდშაფტისა და თავისუფალი არეალების დაცვა, რისკენაც მოწოდებული იყო გენერალური გეგმა. ამ თვალსაზრისით რამდენიმე პარკი განახლდა. მაგალითად, დედაენის, ახლა ვაკის პარკია განახლების პროცესში, ასევე ვეტერანთა პარკი, მზიური. ამასთან, რამდენიმე სკვერი ვარკეთილისა და ვაზისუბნის არეალში. რამდენიმეს მშენებლობა დაიწყო კიდეც, ეს გახლავთ თემქის პარკი, სადაც მდინარის გახსნით ხდება ეს. დიღმის ჭალებში პროექტი შესრულდა და მისი ტერიტორიაც უნდა გაფართოვდეს. ძალიან ძვირი, თუმცა აუცილებლად შესასრულებელი რაც გენგეგმაში იყო გაწერილი და მერიამ უკვე განაცხადა, რომ შეასრულებს ამ პროექტს, გახლავთ ორთაჭალის ბულვარის, რომელიც ქალაქის ცენტრში კარგ რეკრეაციულ სივრცეს შექმნის,”-აცხადებს ბოლქვაძე.

მისივე თქმით, იმ ადგილებზე, სადაც ფინანსური მიზეზის გამო პროექტები ვერ ხორციელდება, წითელი ხაზების დადგენა აუცილებელია, რადგან საშიშროებაა რომ ამ თავისუფალ ადგილებში მშენებლობა დაიწყოს.

“მაგალითად ხუდადოვის ტყე-პარკში უნდა შედგეს პარკის პროექტი, რადგან მთაწმინდაზე ძალიან ბევრი ადამიანი ადის ბავშვებთან ერთად. მარცხენა სანაპიროზეც მსგავსი რეკრეაციული სივრცე უნდა შეიქმნას. ამიტომ, ესეც საშური პროექტია. ზედა მხრიდან, ივერთუბანში სამშენებლო ზეწოლის საშიშროებაა. წითელი ხაზები როგორც კი დადგინდება ეს არის საშუალება, რომ ეს ტერიტორია გაუნაშენებელი შევინარჩუნოთ,”-აცხადებს თბილისის გენგეგმის ავტორი.