მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოსტატი მეფუტკრე“ 2022 წლიდან თაფლის წარმოების გაზრდას და ექსპორტზე გატანას გეგმავს

61c9b85fa2812
ვიქტორია მღებრიშვილი
04.01.22 16:57
1840
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელაში 2018 წელს ამოქმედებული კოოპერატივი „ოსტატი მეფუტკრე“ 2022 წელს თაფლის წარმადობის გაზრდას 10-15%-ით გეგმავს, რისთვისაც დაახლოებით 15 ათას ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს.

BM.GE-სთან საუბრისას კოოპერატივ „ოსტატი მეფუტკრეს“ თავმჯდომარე მარიანა გელაშვილი აღნიშნავს, რომ დღეისთვის კოოპერატივი 5 მეპაიეს აერთიანებს, წლიურად 30 ტონამდე თაფლს აწარმოებს და სეზონურად 15-მდე ადამიანს ასაქმებს. ამ დროისთვის კოოპერატივის წევრები ერთი დასახელების - კავკასიონის ყვავილების ნექტარსა და ცაცხვზე დამზადებულ თაფლს ამზადებენ და 2 მოცულობის შეფუთვით მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან, თუმცა მიმდინარე წლიდან წარმოების ეფექტიანობის გასაზრდელად კომპანია თაფლის წარმოებისთვის სპეციალური დანადგარების შეძენას გეგმავს.

„ფუტკრის ოჯახების გამრავლების შემთხვევაში საწარმოო მოცულობების გაზრდის შესაძლებლობა მოგვეცემა, ამიტომ გვინდა წარმოების ავტომატიზება მოვახდინოთ, რისთვისაც დაახლოებით 10-15 ათასი ლარი დაგვჭირდება. შევეცდებით ეს თანხა სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობით მოვიპოვოთ“, - ამბობს კოოპერატივ „ოსტატი მეფუტკრეს“ თავმჯდომარე.

მარიანა გელაშვილი აღნიშნავს, რომ თაფლის წარმოების მოცულობების გაზრდა მათ ექსპორტის მიმართულებით გააქტიურების შესაძლებლობასაც მისცემთ და იმედს გამოთქვამს, რომ მიმდინარე წლიდან კოოპერატივი ადგილობრივი ბაზრის შემდეგ, აღმოსავლეთის ქვეყნების ათვისებაზე დაიწყებს მუშაობას.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა გასაღების ბაზრების მოძიებაა. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი თაფლის მიმართ ინტერესი, 2 წლის წინ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან კონკრეტული იმპორტიორის მხრიდან იყო. ნიმუშებიც გავუგზავნეთ. თაფლის ხარისხი მოეწონათ, თუმცა მათ მხოლოდ ერთი მცენარისგან დამზადებული თაფლის გატანა სურდათ, ჩვენი თაფლი კი ყვავილების თაიგულისგან მზადდება. ამის გამო თავი შეიკავეს. კოოპერატივის გეგმებში თაფლი საექსპორტო ბაზრებზე გატანა შედის. ინტერესი არის, ამიტომ მას შემდეგ რაც ადგილობრივ ბაზარზე თავს დავიმკვიდრებთ, გვინდა თაფლი ეგვიპტესა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გავიტანოთ. შესაძლოა ეს 2022 წელსაც განვახორციელოთ“, - აღნიშნა მეფუტკრემ.

ცნობისთვის: „ოსტატი მეფუტკრეს“ მიერ წარმოებული თაფლის შეძენა, მსურველებს ელექტრონული კომერციის პლატფორმა - Extra.ge-ზე შეუძლიათ.