09.აგვისტო .2020 20:00

ოთარ ანთია GHG-ის LSE-დან მოხსნაზე - „პოზიტიური მოვლენაა, რადგან GHG-მ ლიკვიდურობა შეინარჩუნა"

views 1029
უკან

ჩემი შეფასებით, საკმაოდ პოზიტიურე მოვლენა მოხდა, რადგან ლიკვიდურობა შენარჩუნებულ იქნა, - ასე აფასებს BM.GE-სთან საუბრისას კვლევითი კომპანია PMCG-ის კერძო სექტორის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ოთარ ანთია საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ლონდონის საფონდო ბირჟიდან მოხსნას.

ოთარ ანთია ამბობს, რომ როდესაც კომპანია საფონდო ბირჟაზე აქციებს ათავსებს, გარდა რეპუტაციული ბენეფიტებისა, მას ფინანსური სარგებლის მიღების საშუალება გააჩნია, ხოლო ბოლო პერიოდში GHG-ის ლიკვიდურობა შემცირებული იყო. 

„ინვესტორის მხრიდან დანახული ეს მოვლენა საკმად პოზიტურია, იმიტომ რომ ახლა მენეჯმენტი მაქსიმალურად შეეცადა ამ გადაწყვეტილებით შეენარჩუნებინა ლიკვიდურობის მაღალი მაჩვენებელი. 

ბოლო პერიოდში საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აქციების ლიკვიდურობა შემცირდა, თუმცა თუ კომპანიის ფინანსურ მონაცემებს გადახედავთ, მიუხედავად COVID-19-ისა ისინი, მაინც საკმაოდ სოლიდური იყო. ამ ლიკვიდურობას კაპიტალის ბაზრის სტრუქტურიდან გამომდინარე ძალიან ბევრი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. 

საკმაოდ პოზიტიური მოვლენა მოხდა, რადგან ლიკვიდურობა შენარჩუნებულ იქნა, რადგან GHG-ის აქციის მფლობელებმა სანაცვლოდ Georgian Capital-ის აქციები მიიღეს, რომელიც ლიკვიდურობით გაცილებით უფრო მაღალია“, - ამბობს PMCG-ის კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით ხელმძღვანელი. 

მისი შეფასებითვე, ეს შემთხვევა ქვეყანაზე ნეგატიურად არ აისახება, რადგან LSE-დან კომპანიის მოხსნა მაკროეკონომიკური ფაქტორებით არ ყოფილა განპირობებული. 

„ქვეყნის თვალსაზრისით რომ შევაფასოთ, ამას არანაირი ნეგატიური ეფექტი არ უნდა ჰქონდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ იყო განპირობებული მაკროეკონომიკური მოვლენებით, ეს იყო კომპანიის აქციონერების და მენეჯმენტის გადაწყვეტილება და ეს საფონდო ბირჟის მიერ არ იყო ინიცირებული. ეს არის საკმაოდ აპრობირებული ფინანსური ტაქტიკა, რომლითაც ხდება გადანაწილებული პორტფელების ინვესტიციების, ისე გაერთიანება, რომ მათი ლიკვიდურობა ამაღლდეს“, - განაცხადა ოთარ ანთიამ.