მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთარ დანელიამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი დაიწუნა და კენჭისყრა გადადო

5d9c6d600e691
დავით ჯალაღონია
08.10.19 15:05
1604
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით არსებული შენიშვნების გამო, დოკუმენტის განხილვა და კენჭისყრა გადადო.

მას შემდეგ, რაც კომიტეტის სხდომის დასაწყისში ბიუჯტის პროექტის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ მოხსენება გააკეთა, ოთარ დანელიამ საკუთარი შენიშვნები ჩამოთვალა.

„ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ გაზრდილ მაჩვენებელს ნებისმიერ სექტორში, მაგრამ ჩვენ ვართ აგრარულ სკითხთა კომიტეტის წევრები და შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ დარგის პრიორიტეტიზაცია.

4 მილიონი ლარით ვამცირებთ ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამას, ასევე შემცირებულია სურსათის უვნებლობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით სახსრები. მე მესმის, რომ შესაძლოა, ფაროსანაზე არ იყოს იმდენივე საჭირო, რამდენიც იყო წელს ან შარშან, მაგრამ ჯერ ეს ჩვენ არ ვიცით და სანამ შეჯამება არ მოხდება, მგონია, რომ ესეც ნაადრევია.

ასევე, ჩვენ გვაქვს შემცირებული ვეტერინარული პრეპარატების სახელმწიფო კონტროლი და მონიტორინგი. ეს არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელზეც კომიტეტზე არაერთგზის გვქონდა განხილვა და ჩვენი კომიტეტის წევრებს მოჰყავდათ მაგალითები, რამდენად მნიშვნელოვანია;

მევენახეობა-მეღვინეობის ნაწილში [შემცირებულია დაფინანსება], ასევე - გადამამუშავებელი მრეწველობის თვალსაზრისით, სადაც სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეკონომიკური კომპონენტი, შემადგენელი იმ ეკონომიკისა, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არის და როგორც აგრარული ქვეყნისთვის, ეს არის მაღალი პრიორიტეტის მაჩვენებელი.

ერთიანი აგროპროექტის ნაწილში მოთხოვნილი იყო 265 მილიონი და მხოლოდ 129 მილიონზე შეჯერდით. ასევე, მე მაინტერესებს „დანერგე მომავლის“ პროგრამის ნაწილში, რატომ არის ეს პროგრამა იგნორში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა და გამოდის, რომ პრაქტიკულად მხოლოდ იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებას თუ შეძლებს სამინისტრო, რაც მოქმედია.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ნაწილში ის არის, რომ ჩვენ გვქონდა მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა, რომელშიც 5 მილიონი ლარია გამოყოფილი, მოთხოვნილი 35 მილიონის ნაცვლად. ამ შემთხვევაში რას ვუშვრებით იმ 17 მილიონამდე მოთხოვნას, რომელზეც ხელისუფლებას პირობა აქვს მიცემული, რომ დაუკმაყოფილდებათ. ეს არის 500-მდე ბენეფიციარი.

ეს არის მთელი რიგი საკითხები, რის გამოც, დღეს ვერ დავაყენებთ აღნიშნულ ბიუჯეტს კენჭისყრაზე. მე მოგმართავთ თხოვნით, გადახედოთ ამ ციფრებს, მთავრობასთან კონსულტაცია გაიაროთ და დაბრუნდეთ განახლებული ციფრებით. ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით, როგორც კი თქვენგან იქნება მზაობა“, - განაცხადა დანელიამ.

ამ განცხადებამ კომიტეტის თავმჯდომარესა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შორის მცირე დებატები გამოიწვია:

"გიორგი კაკაურიძე: მე რა მზაობაზე შემიძლია გითხრათ, ახლავე გიპასუხებთ. საფინანსო რესური, რაც ქვეყანაშია, ის არის გადანაწილებული.

ოთარ დანელია: ეს კოლექტიური გადაწყვეტილების საგანია. თქვენი ერთპიროვნული გადაწყვეტილების საკითხი ეს არ არის. მთავრობამ იზრუნოს ამაზე. ჩვენ ხელახლა მზად ვართ, ჩავატაროთ კომიტეტი ამ თემაზე უახლოეს დღეებში, როგორც კი იქნება მზაობა.

გიორგი კაკაურიძე: თუ არ შევთანხმდით, რა მიმართულებით წავიდეთ, არ გამოვა....

ოთარ დანელია: თქვენ ყველა კითხვაზე პასუხს ვერ გამცემთ და არც არის აუცილებელი და რატომ ცდილობთ, თქვენ გამცეთ პასუხი, როცა თქვენი საპასუხო არ არის ეს კონკრეტულად... კამათი საინტერესო არ არის. ჩვენ ხალხი გვიყურებს, საქართველოს მოსახლეობის 50% სოფლად არის და სოფლის მეურნეობით არის დაკავებული და მათ ეხებათ ეს პროგრამები.

გიორგი კაკაურიძე: საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი დიდი ნაწილი პენსიას იღებს“.

ცნობისთვის: მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება დაახლოებით 15 მილიონი ლარი იზრდება და 353 მლნ-ს შეადგენს.

გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

 სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობისთვის - 37.1 მლნ ლარი, საიდანაც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის გათვალისწინებულია 17.0 მლნ ლარი;
 მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის - 12.7 მლნ ლარი;
 ერთიანი აგროპროექტის დასაფინანსებლად - 129.9 მლნ ლარი (გაზრდილია 32.5 მლნ ლარით), მათ შორის:
- შეღავათიანი აგროკრედიტებისთვის - 74.0 მლნ ლარი (გაზრდილია 25.0 მლნ ლარით);
- დანერგე მომავალის დასაფინანსებლად - 13.0 მლნ ლარი;
- სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებისთვის - 12.0 მლნ ლარი;
- მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების პროექტი - 5 მლნ ლარი;
- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინფრასტრუქტურული განვითარება - 4.5 მლნ ლარი.
 სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია და აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის - 88.3 მლნ ლარი;
 გარემოსდაცვითი ზედამხედველობისთვის - 20.6 მლნ ლარზე მეტი;
 დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბებისა და მართვისთვის - 13.0 მლნ ლარი;
 სატყეო სისტემის ჩამოყალიბება და მართვისთვის - 13.8 მლნ ლარამდე (გაზრდილია 1.9 მლნ ლარით);
 მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 3.0 მლნ ლარი.