მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთარ ნადარაია: რისკები არსებობს, თუმცა ეკონომიკის ორნიშნა ზრდაც რეალურია

62c28794b0b99
თათია კაკიაშვილი
04.07.22 17:53
1271
“დღევანდელი გადასახედიდან, არ მოვერიდებოდი თქმას, რომ ქვეყნის ეკონომიკის ორნიშნა ზრდაც რეალურია - საუბარია ეკონომიკის 10%-ზე მეტ ზრდაზე”, - ამის შესახებ BMG-ის თიბისი კაპიტალის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, ეკონომიკის ზრდის შემაფერხებელი რისკები არსებობს, თუმცა ქვეყანას მიგრაციით მიღებული ფულადი გზავნილების ხარჯზე, გარკვეული დამაბალანსებელი ფაქტორებიც აქვს.

“თიბისი კაპიტალის ბოლო პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკის რეალური ზრდა 10%-ია. დღევანდელი გადასახედიდან, არ მოვერიდებოდი თქმას, რომ ორნიშნა ზრდაც რეალურია, ალბათ 10%-ზე მეტი. რთული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს, თუმცა ჩვენ გარკვეული დამაბალანსებელი ფაქტორებიც გვაქვს, ძირითადად, მიგრაციის ხარჯზე, მაგრამ ომის ფაქტორი მაინც გასათვალისწინებელია. ასევე ძირითადი რისკი არის გლობალური ზრდის შენელება, რაზეც დღეს ყველა საუბრობს იმიტომ, რომ ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა და ნაწილობრივ ევროპის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას შეიძლება ძალიან აგრესიულად ამკაცრებს,” - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

რაც შეეხება ინფლაციას, ეკონომისტის შეფასებით, 2022 წლის ბოლოს საქართველოში, სავარაუდოდ, ინფლაციის ნიშნული 9,5%-ს მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლოს ქვეყანაში საშუალო ინფლაცია ორნიშნა იქნება.

“ეს პროგნოზი საერთაშორისო სასაქონლო ფასების, პირველ რიგში, ნავთობის და ხორბლის შემცირებას და ლარის კურსის დაახლოებით, 5%-ით გამყარებას ითვალისწინებს, რასაც ველოდებით. დღევანდელი ნიშნულიდან, ვფიქრობთ, რომ ლარი კიდევ გამყარდება.

რაც შეეხება 2023 წლის პროგნოზს, საერთაშორისო ბაზრებზეც აზრთა სხვადასხვაობაა. პირადად ჩემი აზრით, უფრო შესაძლებელია, რომ 2023 წელს ჩვენ დეფლაციური სცენარი მივიღოთ ანუ ფასები შემცირდება. როგორ გადმოეცემა ეს საქართველოს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ისევ ლარის კურსზე იქნება დამოკიდებული და, ამ მხრივ, იმედი გვაქვს, რომ გაუფასურებას არ მივიღებთ, პირიქით - შეიძლება მცირედი გამყარებაც ვნახოთ. საერთაშორისო ბაზრებზე არგუმენტი ის არის, რომ თუ გლობალური ზრდა შენელდა და ალბათ ეს ასეც იქნება, იმედია, ეს სამწუხარო ტრაგედია, რაც უკრაინაში ხდება, რაღაც დონეზე მაინც მოგვარდება და მინიმუმ ფასები კიდევ უფრო მეტად არ გაიზრდება. რა თქმა უნდა, ისტორიულად ნავთობის ფასი უფრო მაღალიც გვიხილავს, სხვა სასაქონლო პროდუქტების ფასიც, მაგრამ ასეთ ერთგვარი სასაქონლო პროდუქტების სუპერ ციკლს, გარდა იმ გამომწვევი მიზეზებისა, რაც დღეს გვაქვს, სჭირდება მსოფლიო ეკონომიკის ძალიან სწრაფი ზრდა, რაც 2023 წელს ალბათ არ იქნება”, - განაცხადა ნადარაიამ.