მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთარ შამუგია კელი დეგნანს შეხვდა - “მხარეებმა ღვინის სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს”

62330381e0afa
BM.GE
17.03.22 13:43
592
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, პიტერ ვიბლერს შეხვდა.

როგორც bm.ge-ს სამინისტროდან აცნობეს, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ სამინისტროს აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია, სამოქმედო გეგმა კონკრეტული მიზნებით, რომლის განხორციელებაც სექტორში არსებული შესაძლებლობების გამოყენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის პოპულარიზაციის საკითხი, რაშიც პარტნიორების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეგიონში არსებული ვითარების გამო.
ასევე, მხარეებმა ღვინის სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის საერთაშორისო ბაზრების მაქსიმალური დივერსიფიკაციის საკითხზე.

„ჩვენ შევძელით, მოკლე დროში, 80%-დან 57%-მდე შეგვემცირებინა ღვინის ექსპორტის წილი რუსეთის ბაზარზე. ძალიან აქტიურ კამპანიას ვეწევით ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით, თუმცა ამ მიმართულებით გამოწვევები კვლავ არსებობს. იმპორტიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ალტერნატიული ბაზრების მოძიებისთვის, რითაც ხელს ვუწყობთ ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაციას. ამ პროცესში აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რათა ქართული ღვინო უფრო პოპულარული გახდეს ამერიკის ბაზარზე“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

თავის მხრივ, შეხვედრაზე კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოს არსებული გამოწვევების დაძლევაში მხარს დაუჭერს; საქართველოს მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობით ეცდება, გამოინახოს ყველა შესაძლო გზა ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის. ასევე, პროფესიული ტრენინგების საშუალებით, ქართველ ფერმერებს დახმარება გაეწევათ, რათა მათ გააუმჯობესონ ხორბლის ხარისხი და უხვი მოსავალი მიიღონ.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, პიტერ ვიბლერმა, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის პრიორიტეტული მიმართულება კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხებია და, შესაბამისად, USAID აქტიურად მუშაობს და მხარს უჭერს საქართველოში განახლებადი ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიებას.